ამონარიდი ზურაბ კუხიანიძის რომანიდან – „ქაღალდის ჩიტები”
„თანამედროვე ცხოვრება, ჩემო ძვირფასო გაბრიელ, საქმეზე დაფუძნებული ლამაზი და დიდი შენობაა, რომელსაც მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი აქვს. იმ კარის შეღება ყველას არ შეუძლია. იგი მარტო არც იმ ჯადოსნური სიტყვებით იღება, არაბულ ზღაპრებში რომ წაგიკითხავს: „სეზამ გაიღე!” ამ კარების გასაღებად დიდი ფულია საჭირო. ბევრი ფულის შოვნას დიდი საქმე სჭირდება. ასეთ საქმეს ყველა ვერ შესძლებს. ვიღაც-ვიღაცეები ამას საქმოსნობას ეძახიან და სამარცხვინო ჰგონიათ. არაა ეს ასე. საქმოსნობა საქმის მცოდნეობაა. ეს, ძმაო, გამორჩეული პროფესიაა, ხომ არის პროფესიები: კალმოსნობა, მგოსნობა, ცხენოსნობა, ხელოსნობა, ასევეა საქმოსნობა. მაგრამ სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ აქ დიდი ფულის შოვნა შეიძლება. ამ დიდ ფულს დაიკავებ ხელში და ცხოვრების დიდი და ლამაზი შენობის კარს მიუკაკუნებ: „სეზამ გაიღე!” კარი ფართოდ გაიღება და შენც იმ შენობაში აღმოჩნდები, სადაც ცხოვრების მბრძანებლები სხედან. ასეა ეს, ჩემო გაბრიელ”.