ამონარიდები რაფის (აკოფ მელიქ-აკოფიანის) რომანიდან – „ოქროს მამალი”
„არ ვიცი, რაც გინდათ ის უწოდეთ – განგების განაჩენი თუ ბედისწერა, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც შეუღლების დროს საოცრად დასცინის და აბუჩად იგდებს ადამიანებს. განა იშვიათია, რომ ლამაზ ქალს ულამაზო ქმარი ჰყავს, ხოლო ლამაზ ვაჟკაცს გონჯი და შეუხედავი ცოლი! ანდა ჭკვიანი ქალის ხვედრი სულელი ქმარია, ხოლო სულელი ქალისა – ჭკვიანი ქმარი? შეხედავ, დაბალ ქალს წარმოსადეგი ქმარი მოჰყვება და პირიქით, ქონდრის კაცს – ტანაშოლტილი ქალი. ამგვარი თამაში თითქოს საგანგებოდ უყვარს ბედ-იღბალს ცოლქმრობაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქვეყანა დუმაა, კაცი კი დანა, თუ შნო გაქვს, მსუქანი ნაჭერი მოთალე და ჭამე, თორემ მშიერი მოკვდები”.
* * *
„ბევრის წარმოდგენით ჭკუა, ცოდნა, პატიოსნება, ერთი სიტყვით, ყველაფერი, იმათი ხვედრია, ვინც ფულს ფლობს, მდიდარია”.
* * *
„მონობის ატანა, თითქმის უმტკივნეულოდაც, შეიძლება მანამდე, ვიდრე ადამიანს არ უგემია და არ იცის, – რა არის თავისუფლება”.
* * *
„არის წუთები ადამიანის ცხოვრებაში, როცა იგი გულმოსულია და ბავშვური გართობით ცდილობს ბოღმის გაქარვებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ცხოვრებაში ხალხთა ურთიერთობა წაბილწულია და ასპარეზი გაიძვერობას და მოტყუებას აქვს დაპყრობილი, მაშინ ზნეობრივად უმწიკვლო ჭკუა-გონება ჰკარგავს თავის ძალასა და დანიშნულებას”.
* * *
„თუ ღმერთის განაჩენია, რომ ადამიანი ავადმყოფობით მოკვდეს, მაშინ ათასი ექიმიც ვერას უშველის, მაგრამ თუ იმისი ბედისწერა არ შესრულებულა, მთიდანაც რომ დააგორო, მაინც არ მოკვდება”.
* * *
„ნათქვამია – „ვალი აიღე – დაუბრუნე”, სად გაგონილა – „აიღე და გადაყლაპეო”.
* * *
„ – ასეა, საყვარელო მიქაელ, მშობლების ცრუმორწმუნეობა ხშირად შვილების უბედურების მიზეზი ხდება”.
* * *
„ბედნიერება და სიკეთე მხოლოდ ფულით როდი განისაზღვრება, ფულით, რომლის ჟანგისგან შხამი გროვდება, არამედ სხვა სიკეთითაც, და როცა ეს სიკეთე აკლდება ოჯახს, ჯოჯოხეთად იქცევა იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)