ამონარიდები თამაზ ბიბილურის რომანიდან – „ჟამი კითხულისა”
„ერთ პატარა სოფელში თავს იყრის მთელი ქვეყნიერების ვნებათაღელვა; სოფელი ერთ მუჭად შეკრული და დაპატარავებული ქვეყნიერებაა – თავისი ხალხით და ჯამაათით, ერით და ბერით, მეფით და კარისკაცებით, აღზევებულნით და დამცირებულნით, სიკეთითა და ბოროტებით… გაუხსენ ხელ-ფეხი, გაუფანტე სიპატარავის შიში, მიანიჭე თვითრწმენა და იგი, ერთ მუჭად შეკრული, თითქოსდა ერთიბეწო, განივრცობა, უკიდეგანო ქვეყნიერება გახდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მხოლოდ საკუთარ ცოდვათათვის აგებს პასუხს უფლისა და კაცის წინაშე. სხვათა მსაჯული ღმერთია და ადამიანს არ ეპატიება ღმერთად გახდომა”.
* * *
„საკუთარ ჭირთა თმენა ყველაზე დიდი მკურნალია ამ ჭირისა…”
* * *
„ადამიანი მერცხლისა არ იყოს, ბოლოს მაინც თავის ბუდეში უნდა დაბრუნდეს”.
* * *
„შენ უკეთ უწყი ღმერთო, სიბნელე მარადიულია, თუ ნათელი არ მიაშუქე, ყველაფერი წყვდიადში იძირება. ნათელი კი ცოტაა, ყველა ნათელი ქრება, ნათელს გაფრთხილება უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარ სულზე ზრუნვა სხვებზე ზრუნვაა, რაკიღა შენი სული ნაწილია ქვეყნის სულისა…”
* * *
„საკუთარ კერას, საკუთარ ოჯახს და ახლობელს ამქვეყნად არაფერი სჯობს…”
* * *
„რასაც უბრალო ბედნიერების გაელვების ჟამს გავიფიქრებთ, იმას სინამდვილედ არასოდეს ვაქცევთ”.