ამონარიდი ლევ ტოლსტოის რომანიდან – „აღდგომა”
„იმ საშინელი ღამის შემდეგ დაკარგა სიკეთის რწმენა. იქამდე სიკეთისაც სჯეროდა და იმისაც, რომ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ ახლა დარწმუნდა, რომ ეს არავის სწამდა და ყველა, ვინც ღმერთისა და სიკეთის შესახებ საუბრობდა, ამას მხოლოდ სხვა ადამიანების მოსატყუებლად აკეთებდა. კაცი, ვინც უყვარდა და ვისაც უყვარდა, – მან ეს იცოდა, – დატკბა მისით, შებილწა მისი გრძნობები და მიატოვა. ის კი ყველაზე კარგი იყო მათ შორის, ვისაც იცნობდა. დანარჩენები უარესები იყვნენ. და ყველაფერი, რაც თავს გადახდა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამას ადასტურებდა. ნეხლიუდოვის მამიდებმა, მლოცველმა მოხუცებმა გააგდეს იგი, როდესაც უწინდებურად კარგად აღარ შეეძლო მათი მომსახურება. ისინი, ვისთანაც ამის შემდეგ ცხოვრებამ შეახვედრა, – ქალები – მისგან ფულის დაცინცვლას ცდილობდნენ, მამაკაცები კი, ბებერი უბნის უფროსიდან დაწყებული და ციხის ზედამხედველებით დამთავრებული, მას ისე უყურებდნენ, როგორც მხოლოდ სიამოვნების მიღების საშუალებას და არავისთვის სხვა არაფერი არსებობდა ამქვეყნად, გარდა სიამოვნებისა, სწორედ ასეთი სიამოვნებისა. ამაში კიდევ უფრო დაარწმუნა ხანში შესულმა მწერალმა, რომელსაც თავისუფალი ცხოვრების მეორე წელს შეხვდა. იგი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ სწორედ ეს იყო ბედნიერების არსი, რასაც თვითონ პოეზიასა და ესთეტიკას უწოდებდა.
ყველა მხოლოდ თავისთვის, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობდა და ღმერთისა და სიკეთის შესახებ საუბარი სიცრუეს წარმოადგენდა. თუკი შეკითხვა გაჩნდებოდა, რატომ იყო დედამიწა ისე ცუდად მოწყობილი, რომ ერთმანეთის მიმართ ყველა ბოროტებას სჩადიოდა და ყველა იტანჯებოდა, ამაზე არც უნდა ეფიქრათ. მოგეწყინა? – მოწიე, დალიე ან, რაც ყველაფერს სჯობია, კაცთან გაერთე და გაგივლის”.