ამონარიდი ჯონათას სვიფტის რომანიდან – „გულივერის მოგზაურობა”
„ – ჩემო პაწაწინა მეგობარო, გრილდრიგ! თქვენ შესანიშნავი ქებათა-ქება შეასხით თქვენს ქვეყანას; ნათლად დამანახეთ, რომ თქვენთან, გაუნათლებლობა, სიზარმაცე და მანკიერება, ხანდახან, კანონმდებლის ყველაზე სასარგებლო თვისებებს შეადგენს; რომ კანონებს განმარტავენ, ხსნიან და უნარიც შესწევთ დაამახინჯონ, არივ-დარიონ და გვერდი აუარონ მათ. ზოგიერთი რამ თქვენს სახელმწიფო მმართველობაში, როგორც ჩანს, თავისი თავდაპირველი ფორმით, შესაძლებელია, სასარგებლოც ყოფილიყო, მაგრამ მისი სწორედ ამ ნაწილის ნიშანწყალიც არ შეგინარჩუნებიათ ამჟამად, ხოლო დანარჩენი, ისედაც უვარგისი, ახლა კიდევ უფრო შებილწული და შელახულია. ყოველივე იმისგან, რაც თქვენ თქვით, არ ჩანს, რომ თქვენში რომელიმე დიდი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო იყოს რაიმე ღირსება. უფრო მეტიც, არსად ჩანს, რომ თქვენში ადამიანს თავისი უნარისა და მაღალი ღირსების გამო აწინაურებდნენ; რომ სასულიერო პირებს აწინაურებდნენ თავიანთი კეთილსინდისიერების ან ცოდნისთვის; ჯარისკაცებს – თავიანთი სიმამაცისა და თავდადებულობიოსთვის; მოსამართლეებს – მოუსყიდველობისთვის; სენატორებს – ქვეყნის სიყვარულისთვის; და სახელმწიფო მრჩევლებს – ჭკუა-გონებისთვის.
იმის მიხედვით, რაც თქვენი მონათხრობიდან გავიგე და რაც ათასგვარი კითხვით ძლივს დაგაცდენინეთ, არ შემიძლია არ დავასკვნა, რომ თქვენი თანამემამულეების დიდი უმრავლესობა პატარა შხამიანი გველების მოდგმას წარმოადგენს, რომლებზე საზიზღარიც არასოდეს არაფერი გაღოღებულა დედამიწის ზედაპირზე”.