ამონარიდები დანიელ დეფოს რომანიდან – „რობინზონ კრუზო”
„ასეა ხოლმე: ვერასოდეს ვითვალისწინებთ ჩვენი მდგომარეობის უკეთეს მხარეს, ვიდრე უარეს დღეში არ ჩავცვივდებით და მხოლოდ მაშინ ვაფასებთ ჩვენს კეთილდღეობას, როცა უკვე დავკარგავთ მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთი ყოვლისშემძლეა, ყველაფერი ძალუძს – რასაც მოისურვებს, მოგვანიჭებს კიდეც და წარგვტაცებს კიდეც”.
* * *
„როგორ მწუხარებასა და უბედურებაშიც უნდა ჩაგვაგდოს განგებამ, მაინც, ყოველთვის მისი მადლიერი უნდა ვიყოთ; მით უმეტეს, ჩვენზე უარეს დღეში მყოფთ თუ გადავხედავთ”.
* * *
„სიბრძნის შეძენა არასოდეს არის დაგვიანებული”.
* * *
„ჰოი, რა სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე შეშინებული ადამიანი! შიში მას სრულიად დაუცველს დატოვებს ხოლმე და აღარ ისმენს იმას, რასაც გონება დასახმარებლად სთავაზობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა უცნაურ სათამაშოდ ხდის განგება კაცთა ცხოვრებას! რა სწრაფად იცვლება ადამიანის სურვილები და გატაცებები – თითქოს უხილავი ზამბარები მართავდესო! რაც დღეს გვიყვარს – იგი ხვალ გვძულს! რასაც დღეს ვეძებთ – ხვალ იმასვე გავურბივართ! რაც დღეს გულით გვწადია – ხვალ იმისი გვეშინია, მეტიც – ხვალ იმის მოგონებაზეც კი შიშით ვცახცახებთ!”
* * *
„ადამიანი აღარ იწუწუნებს და არც ბედს დაემდურება, რა ვაგლახადაც უნდა ცხოვრობდეს, თუ თავის მდგომარეობას მასზე უარეს დღეში მყოფის ცხოვრებას შეადარებს. მაშინ, პირიქით, ბედის მადლიერიც კი იქნება”.
* * *
„სისულელის ჩადენა ახალგაზრდა თავქარიანობის ხვედრია, ხოლო მათი დასჯა – უფრო ხანდაზმული ხალხის საქმე, რომლებიც ჭკუაში ჩავარდნილან წლების ან ძვირად შეძენილი გამოცდილების წყალობით”.
* * *
„რა უსაზღვრო სიკეთეს სჩადის განგება, როცა მეტისმეტად ზღუდავს ადამიანის ცოდნისა და ჭვრეტის საზღვრებს. ადამიანის ცხოვრების გზა ათასნაირი საშიშროებით არის გარემოცული, რომელთა დანახვა და აღმოჩენა სრულიად დასცემდა და ყოველგვარ სიმხნევეს წაართმევდა მას, მაგრამ, რაკი ვერ ხედავს, რაკი მისი თვალისთვის ყველაფერი დაფარულია და იმ უთვალავი საშიშროების შესახებ არაფერი იცის, წყნარად და მშვიდად მიჰყვება ცხოვრების დინებას!”
* * *
„ – ბუნება და გამოცდილება მასწავლიდა, რომ საგნების ღირებულება მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად საჭირონი და სასარგებლონი არიან ისინი ჩვენთვის. რამდენი დოვლათიც უნდა დავაგროვოთ, ჩვენთვის სიამის მომტანი მხოლოდ ისაა, რისი გამოყენებაც ძალგვიძს”. – (ავტორი გენია.ჯი)