ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – „ეპიზოდი”
ეგვიპტოლოგიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი და ენათმეცნიერი - ჟან-ფრანსუა შამპოლიონი (1790-1832 წლები), ვინაც პირველმა შეიმუშავა ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპები, 1809 წლის 10 ივლისს დაინიშნა გრენობლის უნივერსიტეტის პროფესორად. (ავტორი გენია.ჯი) ამრიგად, ცხრამეტი წლის ასაკში იგი პროფესორი გახდა იქ, სადაც თვითონ სწავლობდა ცოტა ხნის წინ. მის სტუდენტებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც სულ ორი წლის წინათ მასთან ერთად ისხდნენ აუდიტორიებში. და სწორედ აქ გამოვლინდა ადამიანისათვის დამახასიათებელი ყველაზე საშინელი სენი – შური. შედეგად, ამ დიადი მეცნიერის გაპროფესორებას მტრულად შეხვდნენ არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ პროფესორ-მასწავლებლებიც. განსაკუთრებული გულმოდგინებით შამპოლიონის წინააღმდეგ ინტრიგებს მაინც ასაკოვანი პროფესორები მიმართავდნენ. ისინი თავს დაჩაგრულად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ ჟან-ფრანსუა მათ თავზე გადაახტა.
ავ სინამდვილეს შენაჯახები და ინტრიგებისაგან განაწამები შამპოლიონი დიდად აზარალა საკუთარი კოლეგების ქმედებებმა. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ეგვიპტოლოგიის გენიალური ფრანგი ფუძემდებელი მათი ხრიკების გამოისობით, ჯამაგირის მხოლოდ მეოთხედს იღებდა მუშაობის სანაცვლოდ. ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ იგი უკიდურეს სიდუხჭირეშიც კი ჩავარდა. იმ პერიოდში ჟან-ფრანსუა თავის სავალალო მდგომარეობას ძმას შემდეგი სიტყვებით ამცნობდა: „ჩემი ბედი გადაწყვეტილია: დიოგენესავით ღატაკმა, უნდა ვიშოვო კასრი და ტანსაცმელად ტომარა, რაც შეეხება საჭმელს, აქ კი ათენელთა საყოველთაოდ ცნობილ სულგრძელობას უნდა მივენდო”.
ეს მანამ გრძელდებოდა ასე, სანამ შამპოლიონი ეგვიპტეს ეწვეოდა და ფარაონების ქვეყნის უძველეს ენას გაშიფრავდა. – (ავტორი გენია.ჯი)