ამონარიდი თედორე დოსტოევსკის რომანიდან – „ეშმაკნი”
„ – მე მუდამ ბევრს ვლაპარაკობ, ანუ ბევრს ვყბედობ. ვჩქარობ თანაც. ამიტომაც არაფერი გამომდის. მერედა რად ვყბედობ ამდენს და რატომ არაფერი გამომდის? იმიტომ, რომ ლაპარაკი არ მეხერხება; ვისაც ლაპარაკი ეხერხება, ის მოკლედ მოჭრის. მაშასადამე, უნიჭო ვარ, ასეა თუ არა? მაგრამ რაკი ეს უნიჭობის ნიჭი ბუნებრივად მომდგამს, ვითომ რად არ უნდა გამოვიყენო? მეც ვიყენებ. აქ რომ მოვდიოდი, ერთი პირობა ვიფიქრე, მოდი, ხმას არ ამოვიღებ, სულ დავდუმდები-მეთქი. მაგრამ ამას დიდი ნიჭი უნდა, მაშასადამე, მე არ შემფერის. ესეც არ იყოს, სულ გაჩუმება მაინც საშიშია, ჰოდა, მეც საბოლოოდ გადავწყვიტე, ყველაფერს აჯობებს ლაპარაკი, მაგრამ უნიჭო ლაპარაკი-მეთქი. ესე იგი, იმდენი უნდა იქაქანო და იმდენი უმტკიცო შენი, ბოლოს შენვე აგერიოს, მსმენელმაც ვერაფერი გაგიგოს და თავი დაგანებოს. თუ მოგაფურთხებს, კიდევ უკეთესი. შენც სამ კურდღელს ერთად დაიჭერ: ჯერ ერთი, საკუთარ გულუბრყვილობაში დააჯერებ, თავსაც მოაბეზრებ და გაუგებარიც დარჩება მისთვის. ამის შემდეგ ვინღა მოგაწერს იდუმალ აზრებს? ეს კი არადა, თითოეული დიდად იწყენს, თუკი შენზე ვინმემ უთხრა, იდუმალი ზრახვები აქვსო. თან შიგადაშიგ გავიცინებ. ამაზე კარგი რაღა იქნება. ახლა ეგენი მარტო იმისთვის მაპატიებენ ყველაფერს, რომ იქ პროკლამაციების დამწერი კაცი აქ მათზე რეგვენი გამოვედი, ასეა, არა? ღიმილზე გატყობთ, მეთანხმებით”.