ვახუშტი კოტეტიშვილი – „ჭაბუკური”

ვითენთები ახურებულ მზეზე,

ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები.

მინდა, უცებ წამოვარდე ზეზე,

მზეს ვეცე და გავუწეწო თმები…

* * *

მინდა, სუნთქვა ზღვის ნიავქარს შევრთო.

ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა,

იმ აშოტილ ალვის ხესთან ერთად

გავიარო, როგორც ლამაზ ქალთან…

* * *

სიტყვა მინდა ქარიშხალთა მსგავსი,

მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი,

ცაზე მთვარის აყირავდეს თასი,

ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი…

* * *

მსურს, სიცოცხლეს გული მივცე მინდა,

ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი,

ყველაფერი მზით აღსასვსე მინდა,

ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი…

 

კომენტარის დატოვება