ამონარიდი ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ – ვინა თქვა, თითქოს მედიცინა სმას კრძალავდეს? არ დაიჯერო, ჭაბუკო, ჩვენ ვებრძვით ლოთობას და არა ღვინის სმას. ღვინო უეჭველი ატრიბუტია სუფრისა და სასარგებლო ადამიანისათვის… მე მინახავს ქართველი გლეხი, ჯამში რომ ღვინოს ჩაასხამს და შიგ პურს ჩაიყრის, – ბოღლიწოს აკეთებს. ქართველი გლეხი ბრძენია. თითქმის მთელი ევროპა და ნახევარი მსოფლიო შემომივლია და არსად მინახავს ჩურჩხელა. ეს ქართველისთვის არის მხოლოდ საცნაური და მე მასში ვხედავ ამ ერის ხასიათს. ვფიქრობ: ისტორიულმა აუცილებლობამ უკარნახა მას შეექმნა ეს ხილი. აი, ჭაბუკო, აქ ნიგოზიც არი, ღვინოც და პურიც. ესე იგი ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები. – ეს სამი სასიცოცხლო ელემენტი ჩვენი სხეულისა. ჩურჩხელა მსუბუქია და იგი დიდი ტვირთი არ იყო ლაშქრობისას. ლაშქრობისას ვამბობ, ჭაბუკო, რადგან ქართველი ერის ისტორია ერთი გრძელი, სისხლიანი გზაა, დასაბამიდან მოაქჟამამდე”.