ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ – დაიხსომე: სხვის საქმეში არასოდეს არ ჩაერიო. ვინ იცის, კაცი რა ხასიათზეა. ზოგს თავიც კი აქვს მოძულებული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიეცი ადამიანს სრული თავისუფლება და ის მაშინვე უგუნურებას ჩაიდენს”.
* * *
„ჩვენი გონება ჩვენივე კომპასია და ვაი მას, ვისაც ეს კომპასი სწორედ მისი უკიდურესი საჭიროების ჟამს მოეშლება…”
* * *
„მოვლენები, რომლებიც ზოგჯერ ზედაპირული გვეჩვენება, ხშირად სიღრმეში ნაღმს დაატარებენ”.
* * *
„ოდითგანვე იყო: ქონდრისკაცები გოლიათს სახემდე თუ ვერ მისწვდებოდნენ, ცდილობდნენ მური წვივებზე მაინც წაესვათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„პატივმოყვარეობა ის მაჯლაჯუნაა, რომელიც მრავალთა ჩლუნგ გონებას ათეული წლების მანძილზე დასწოლია და აწამებს…”
* * *
„ცოტა რამ ჰყოფნის ადამიანს, თავი ბედნიერად იგრძნოს… და უბედურებაც… უბედურება კი ის სასინჯი ქვაა, რომელიც ყველაზე მეტად გვეხმარება ჩვენში მიჩქმალული ადამიანის გამოსავლინებლად”.
* * *
„ადამიანის სიცოცხლის დანიშნულება თავისი არსის სამზეოზე გამოტანაა”.
* * *
„ფარისეველნი ახერხებენ ყოველგვარი შემთხვევის დროს განუსჯელად იქადაგონ მაღალი მორალი და ამით დაფარონ თავიანთი სულიერი სიღატაკე. ისინი იმ მსახიობებს ჰგვანან, რომელნიც კულისებში ცხოვრობენ ნამდვილი ცხოვრებით, აუდიტორიას კი მის პირუკუ ანარეკლს უჩვენებენ… და რაოდენი ცინიზმია ყველაფერ ამაში…”
* * *
„ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე უშვებს შეცდომებს, მერე თავს იტყუებს, რომ შეცდომებზე იზრდება. განგებას რომ მისთვის ამქვეყნად ყოფნის ცოტა უფრო მეტი დრო მიეცა, მიხვდებოდა: ადამიანივით იზრდება თავად შეცდომები. შეცდომების ზრდასთან ერთად იზრდება ადამიანიც. ხოლო სანამ იზრდება, მანამდე სცოდავს კიდეც. ისევე, როგორც წონა და მოცულობა, ცოდვაც ამგვარად ნაწილდება ყველას კისერზე. არავინ არი დაზღვეული და მხოლოდ დოზები სწყვეტენ ყველაფერს…” – (ავტორი გენია.ჯი)