ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„განა ჩვენში ცოტაა ქრისტეანი, რომელიც არად დაგიდევს თვით ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობელსაც, ოღონდ თვით იყოს ბედნიერი, მდიდარი და ძალმგებელი?! ისიც მართალია, რომ სარწმუნოებით, რწმენის ერთიანობით იწყება ყოველი დიდი, წმინდა – სამშობლოს სიყვარული, კაცთა ერთობა, მამულიშვილობა, ერთგულება და თვით სამშობლოც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოყვარეს ნუ დაჰკაწრავ. სხვა არა იყოსრა, კაწრიობა ვაჟკაცის საქმე არ არის”.
* * *
„ფიქრმა ფიქრი იცის და ბოლოს მაინც აზრად იქმნება, უფიქრალი აზრი კი ლუყურტია და ფუჭი”.
* * *
„არა არს წესი ხელმწიფეთა აჩქარებისა, მითუფრო ომად”.
* * *
„ურწმუნო კაცი მგელია, ნადირია თავაწყვეტილი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„აღუსრულებელი იმედი სჯობია იმედგაწყვეტას – იმედმოშლილი კაცი ცოდოა, ერი კი მკვდარი”.
* * *
„გრემს რომ გასცდა, ცხენი ჩორთზე გადაიყვანა, მერე გზიდან გადაუხვია და ოთხით გააგელვა მინდორ-მინდორ. ეამა სახესცემული ნიავი, მადლი მიწისა და სითბო მზისა. ეამა ცხენზე ქროლვა, სისწრაფე და მოძრაობა გამალებული, ძალსა და სიმხნევეს რომ მატებს ადამიანს, ფიქრს უფანტავს და მოქმედებისკენ უხმობს ერთიანად აზრად ქცეულს. თეიმურაზმა კარგად იცოდა მამაპაპათგან, რომ ქართველთა მეფის მეორე ტახტი და თვით იმ ტახტის საყრდენი უნაგირი იყო ყოველჟამს, რამეთუ უნაგირზე მიფიცხებული აზრებით, სიმარჯვით, სიმძლავრით და შთაგონებითაც იმართებოდა ტახტი მეფისა, ძალა ერისა, ბედი ქვეყნისა და მამულისა. იმ უნაგირზე ამხედრებული იგებდა ანაც აგებდა ბრძოლას ტახტისა და ქვეყნისათვის ყველა მზრუნველი თვისი ერისა. იმიტომაც ეამა ქროლვა და წამიერი თავიწყება, ესოდენ აუცილებელი რომ იყო ძალისა და თვით სიცოცხლის შესამატებლად”. – (ავტორი გენია.ჯი)