ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – ბათუ, კაცური კაცი მინდა გავხდე და მივაღწევ კიდეც. შენ რას მირჩევ?
- რას ნიშნავს კაცური კაცი, თუ გესმის, შე უბედურო, შენა?
- რას ნიშნავს და, საქმეს რომ მოაკვარახჭინებ, ფეხებზე რომ დაიკიდებ ყველაფერს, სახლ-კარს შეიძენ, მანქანას შეიძენ, აგარაკს შეიძენ და დროსტარებაში ამოგძვრება სული…
- შეჩერდი! – შეაწყვეტინა ბათუმ, – კარგი იქნება ბოლო ორი სიტყვა ცოტა ზევით ამოსწიო და სანამ ფეხებზე დაიკიდებდე ყველაფერს, მანამდე ამოგძვრეს ეს ოხერი სული!”
* **
„რაც დრო გადის, სენსაციები გეომეტრიული პროგრესით მრავლდება, – ფიქრობდა ბათუ, – ჯერ კიდევ გუშინ დილით გვაჯი არარაობა იყო, ნაშუადღევს კომბინატის დარაჯობას მიაღწია, დღეს კი დირექტორის სიძეობას უმიზნებს. ღმერთო ჩემო! ეს ხომ კადნიერების დღესასწაულია! ხომ შეიძლება ხვალ-ზეგ მინისტრის პორტფელს უკბინოს? ყველაფერი შეიძლება! განვითარება ახლა ევოლუციის გარეშე ხდება, დიდი, ოლიმპიური ნახტომებით”.
* * *
„ – ისეთი ადგილის შოვნა, სადაც რვასაათიან მთქნარებაში გვარიან ხელფასს აძლევენ, ნამეტანი გაძნელდა. ისე გაძნელდა, რომ შენი ღვიძლი მამაც არ შეიწუხებს შენთვის თავს, თუ წურბელასავით არ აზიხარ კისერში და ყოველ დილით სისხლს არ უშრობ, ჯიბის ფული მომეციო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს ქვეყანა გაუგებრობაშია გახლართული”.
* * *
„ნებისმიერ სუბიექტს კანონიერების დარღვევისას ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა უხდება”.