ამონარიდი აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„მამაზეციერმა წუთიერი სიამოვნებისათვის მკაცრად დასაჯა ადამ და ევა, უვადო საგზური გაუუქმა და მსოფლიოს პირველი შეყვარებული წყვილი სამოთხიდან გამოაპანღურა.
მაგრამ უღმერთოდ როდი მოექცა.
უსახლკაროებს მშენებლობისათვის გრძელვადიანი კრედიტი გამოუყო და, როგორც პეტრე და პავლე მოციქულები გადმოგვცემენ, კიდეც შეაწია. პეტრე მოციქული ამის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის: ადამი მშენებლობამ წელში გატეხა და ვერა და ვეღარ გაიმართა. შეყვარებულთა მწყალობელი ერთ-ერთი ანგელოზის წინადადებით ღმერთმა თორმეტი მოციქულის დახურულ სხდომაზე ადამის დავალიანება დებიტორის (დავალიანების მქონე პირის) გადამხდელუუნარობის მოტივით ზარალში ჩამოწერა. პავლე მოციქულის გადმოცემით კი ღმერთმა სესხის გაცემაზე ჩეკს ბუღალტერიის გვერდის ავლით მოაწერა ხელი და ბოლოს სკლეროზის წყალობით სულმთლად გადაავიწყდაო. ერთი სიტყვით, ღმერთის გულკეთილობით იყო თუ მისი შეცდომებით საფინანსო კანონების წინაშე, პირველმა ადამ და ევამ წამოჭიმეს ორსართულიანი სახლი ღმერთის საგანგებო დეკრეტით გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე.
გამრავლდნენ ადამ და ევა და ადამიანები მას შემდეგ აშენებენ სახლებს ნებართვით თუ უნებართვოთ, პროექტით თუ უპროექტოდ, საკუთარი ოფლით თუ სხვისი ნაოფლარით, დანაზოგით თუ ნაქურდალით”.