ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – რაღა დაგიმალოთ, ბატონო, კომბინატი ქურდებით და მამაძაღლებით არის გამოტენილი. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ: ზელიმხანი გინდა, გაგრია ფირუზა გინდა, ქეციანი ცუცქა გინდა, ის რომ არის კიდევ, ზიმ-ტიგრანა, მაგალითად, ყველა მილიონერია მაგენი. იმას არ იკითხავთ, აქ როგორ იღებენ… ბატონო? ხო, ხო, ხო, როგორ იღებენ: ყველა ინჟინერი იღებს, ყველა ეკონომისტი იღებს, ნორმადარი იღებს, ოტეკა იღებს, საწარმოო განყოფილების უფროსი რომ არის, ჯიბგირი გენრიხა, ყველაზე მეტს მაგ იღებს, ბუღალტერიც იღებს. მე არ ვიღებ.
- რატომ, შე კაცო? – გული ეტკინა გვაჯის.
- ვინ მაძლევს, ბატონო?! – აღშფოთებით წარმოთქვა ქობალიამ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეუღლეთა კავშირი მარტო სხეულით ურთიერთვალდებულებას როდი ნიშნავს: ეს ბუნებით დაკანონებული სულიერი, მატერიალური და ინტიმური ურთიერთკავშირია!”
* * *
„ფულის თვისებას ორი მხარე აქვს: ფული ადამიანთა ურთიერთობაში უფლებათა უთანასწორობას ქმნის და ფული ადამიანთა თანდაყოლილ ღირსებათა უთანასწორობას ანეიტრალებს.
* * *
„კაცობრიობის სიცოცხლე ბიოლოგიური ჯაჭვივითაა, ჩვენ კი, თითოეული, ამ ჯაჭვის რგოლები ვართ, მშობლებისა და მომავალი თაობის შემაერთებელი რგოლები. არ უნდა ამოვარდე ამ ჯაჭვიდან!”
* * *
„ – აბა, შენ რა სახელმწიფოს დამცველი ხარ, შამშოვიჩ! თუ ნაღდი სიმართლე გინდა, კარგ მედუქნესავით ყიდი სახელმწიფოსაც და, რაც ხელთ მოგხვდება, ყველაფერს. შენ და შენისთანები რომ არ იყოთ, შამშოვიჩ, აღარც არავინ იქურდებდა და ეს ქვეყანა სულ სხვანაირი იქნებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შენისთანა რაზბოინიკი რომ გალსტუხს ჩამოიკიდებს და შლაპასაც დაიხურამს, მაშინ ცუდად არის ქვეყნის საქმე!
- რათა კაცო?
- რათა და ეგ იმას ნიშნავს, რომა ქვეყანაზე ქურდობა დიდ პატივში ყოფილა, ღირსეული ხელობა გამხდარა, რაღა!”
* * *
„ზოგიერთი სულს ეყრება და ფულთან გაყრას ვერ ურიგდება”.
* * *
„ – ცოლ-ქმრული ერთგულება ქიმერაა, ჩემო გოგი! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი სექსით იწყება და სექსით მთავრდება”.
* * *
„ – გამოუსწორებელი დონჟუანი იყავი და ასეთად დარჩი! – ხელი ჩაიქნია გოგიმ. – იმ ჯეირანივით გოგოსთან როგორ გაქვს საქმე?
- რომელზე მეკითხები?
- ზედაზენზე რომ გყავდა, ნუკრისთვალება, ქერა გოგო!
- ჰოო, თეა? თეა ჩინებული გოგო იყო, გავათხოვე!
- თეა უნდა შეგერთო!
- ნაყოფს რომ მოსწყვეტ, აუცილებელი არაა მერე იმ ხეს ზედ გადაყვე და ყოველ დილით წყალი უსხა ძირში!
- ცინიკოსი ხარ! იმ გოგოს რომ აცდუნებდი, მაშინ თუ ფიქრობდი ასე?
- მაშინ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობ, თუმცა ეს ფიქრიც არ არის, ეს ლტოლვაა, ისეთი გიჟური ლტოლვა, რომელიც ყოველგვარი ფიქრის შესაძლებლობას გამორიცხავს.
- თუ შენი ლტოლვა მიუღწეველი დარჩა?
- მაშინ? მაშინ ალბათ ვიფიქრებდი!” – (ავტორი გენია.ჯი)