ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – ჩვენ, თითოეულს გვინდა სუფთა სინდისით ვიცხოვროთ. აბა, ჩაიხედეთ თქვენს სულში, ვისა გაქვთ სურვილი იქურდოთ, თქვენი სამსახურეობრივი უფლებები ათმანეთიანებზე დაახურდავოთ, ვიღაცის მიმართ დანაშაულებრივი ვალდებულება იკისროთ? თანამდებობრივად დაქვემდებარებულ პიროვნებასთან დანაშაულებრივ კავშირში ყოფნა იგივე მეძაობაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მეძავი სხეულს ყიდის, ხოლო შენ შენს უფლებამოსილებას და სანაცვლოდ სულის გაუპატიურების ნებას აძლევ ვიღაც ზნედაცემულ ვიგინდარას”.
* * *
„ადამიანის ცხოვრების მთელი დედააზრი და სილამაზე იმ ვნებებშია, რასაც მატერიალური თუ სულიერი სიკეთის შექმნისათვის სიცოცხლის ხარჯვის პროცესი ანიჭებს მას”.
* * *
„ – ხელფასი გლახისჭირისთვის მოუგონია ღმერთს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამჭირვალე ნიღაბში” მყოფ ადამიანში იგულისხმება პიროვნება, რომელმაც სისხლის სამართლის კოდექსისაგან უვნებელსაყოფად ათასნაირი მეთოდი აითვისა, იურიდიულად პატიოსანი ადამიანის მოჩვენებით სახეს ქმნის. აქვს საარჩევნო ხმის უფლება, მჭერმეტყველურად იყენებს ტრიბუნას, ქადაგებს სახელმწიფო ინტერესებს, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ყველა უსაქმურს, პარაზიტს, საზოგადოებრივი დოვლათის ხელმყოფს და სწორედ ამ კაცმა, რომელიც პატიოსნებისა და მოქალაქეობის ეტალონად გვევლინება, ახლა რომ ტრიბუნაზე დგას და მაღალ იდეალებზე ქადაგებს, ორიოდე საათის წინ, პირველ კლასში ნასწავლი ასოებისა და ციფრების წყალობით, კალმის რამდენიმე მოსმით, ათიათასი მანეთი ააწაპნა საზოგადოებრივ სალაროს. ამ პროცედურის თანამონაწილენი კი დარბაზში სხედან და ტაშით ეგებებიან ტრიბუნიდან ჩამომავალ მოღიმარე მაკიაველს. მერე ეს კაცი თავის დედისერთას ხუთასკაციან ქორწილს უმართავს თბილისის ზღვაზე და სუფრის ლაქიას, ჰაიჰარად ნახევარ დუჟინ ასმანეთიანებს სჩრის სიხარულისაგან დადამბლავებულ თათებში. აქვს საკუთარი სასახლე ვაკეში, აგარაკი წყნეთში, გაგრაში. მისი ბიჭი „მერსედესს” დააქროლებს, თვითონ კი პატრიოტის პრეტენზიით „გაზ-24-ს” სჯერდება. მისი ნიღაბი იურისპოდენციის გამჭარვალე იმუნიტეტისგანაა დამზადებული, რომელშიც აშკარად ჩანს მძარცველის ნამდვილი სახე. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს კაცი მათ ძარცვავს, რომ მისი იზოლირებაა საჭირო,მაგრამ ეს ცოდნა მოქმედებისათვის საკმარის ბიძგს ვერ იძლევა. საზოგადოების ინერტულობა ამ კაცის მიმართ მრავალ კითხვას ჰბადებს, რითია ეს გამოწვეული: საზოგადოების ინდიფერენტულობით თუ ობიექტური კანონზომიერებით? ფელეტონის მორალი ამ კითხვებს სვამს, რომლებზედაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გასცეს პასუხი!”
* * *
„დრო ისე გაფუჭდა, საკუთარ შვილსაც ვეღარა ცნობ კაცი”.