ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „ვიღაც იძახდა ჭიშკართან”

„ – ჩემი სახწორი და საქმიანობა კარგად მოგეხსენებათ.

ვწონიდი ხალხ და ვიყავი ჩემთვინ. გამოიარდა „კლიენტი”, – ამწონეო, – მთხოვდა. თვალით შევისწავლიდი. თუ მსუქანი იყო, ორ-სამ კილოთი ნაკლებს ვეტყოდი, ალღოთი ვგრძნობდი, ასე იყო საჭირო. გახარებული მომიგდებდა ფულს, ისიც კმაყოფილი მიდიოდა და მეც კმაყოფილი ვრჩებოდი. გამხდარ-გაძვალტყავებული შედგებოდა სახწორზე და ვჩუქნიდი იმასაც ცოტას, კირი მეხარჯებოდა თუ ცემენტი. ასე ხელგაშლილი, ჰაი-ჰარად რომ წონას მივამატებდი, ცოტას თვითონაც წამიმატებდა, აბა, რას იზამდა. რავა, იმ მსუქანს წონაში რომ ვაკლებდი, სახლში მიმქონდა თუ? მეც ჩემებურად ქვეყანას ვაწონასწორებდი და ვარჩენდი ოჯახს.

- მაგისთვის გსჯიან? – ტუჩებზე მომდგარი ღიმილი ვერ შეიკავა ანტუშამ.

- აწონილი კაცი შემომიგზავნა არტაშა უნამუსომ, – ამოიხვნეშა ყობულომ.

- აწონილი?

- ჰო, გადამეკიდა, ბაღის თავში რომ მე ვდგავარ და ჩემებურად ვმარიფათობ, ბოლოში იმან მოიკალათა. ვუთხარი, აქაურობას მეც ვეყოფი-თქო, არ დაიშალა. ჩემი გახარებული „კლიენტი” არ შედგება მის სახწორზე და არტაშას არ გააფუჭებინებს ხასიათს. ჰოდა, მეტი რომ ვერაფერი მომიხერხა, ადგა და აწონილი კაცი შემომიგზავნა. ისიც ინტრიგანი გამოდგა, დამემუქრა, ადგილს დაგაკარგვინებო. აწი ღმერთმა ის სახწორიც მოახმაროს და ის გირებიც. საინტერესო ისაა, მუღამზეა ეს ცხოვრება აგებული და რაღა მაინცადამაინც ჩემი გაუკვირდათ”.

-

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>