ამონარიდი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან – „პაპას მსოფლიო ფიქრები”
„ – რაზე სჭამთ და ჰგლეჯთ ერთმანეთს, შვილო, სასაფლაოზე მაინც არ გაგივლიათ, არ გინახავთ, რამდენი ხალხი წევს იქა? გაზომეთ თითო საფლავი და გაიგებთ მაშინ, მიწის გულისათვის ჩხუბს რაც ძალა აქვს. როგორც ისინი დაიხოცნენ, ისე ჩვენც დავიხოცებით, და დედამიწა აქვე დარჩება, ჩვენ ცოდვისა და მადლის მეტი თან არაფერი გაგვყვება. ეს ნუ გვავიწყდება, უნდა მუდამ გვახსოვდეს, თორო ჩხუბსა და დავიდარაბას არ მოვშლით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საღი გონება ცხოვრების სწორე გზის მაჩვენებელია”.
* * *
„ბალღსა უფროსისა ცოტა შიში თუ არა აქვს, გაირყვნება, გაფუჭდება, რადგან „ბალღს ისე არა აქვს ნამუსი, როგორც ძაღლსაო”.
* * *
„ღმერთს რომ შეეხვეწებით, ეს უნდა სთხოვოთ: „ღმერთო, ის მაფიქრებინე, რაც ჩემთვისა სჯობდესო”.
* * *
„საქმე გონებაა, უჭკუო, უგონებო კაცის საქმე სად თქმულა ან სად გაგონილა გამოსადეგი და თავსმოსავალი?!”.
* * *
„კაცმა კაცი როგორ უნდა მოჰკლას?! დიდი, დიდი, უდიდესი ცოდვაა, თუნდა დიდი დანაშაულიცა ჰქონდეს. იტყვიან, ესა და ეს კაი ბიჭია: ხუთი თათარი ჰყავს მოკლულიო. რაო ვითომ? თათარი კი კაცი არ არის, ადამიანი? იმას კი არა ჰყავს ცოლ-შვილი, არავინ აუტირდება შინა? ჩვენ რო ჩვენს მკვდრებსა ვტირით, თათრები კი არა ტირიან?.. თათრის დაწიოკებული ობლები კი არ თუ არიან შესაბრალისნი? კაცი სუ კაცია, რა რჯულისაც უნდა იყოს. ყველა ღვთის გაჩენილია, ყველა ღმერთს ეხვეწება და ემუდარება – ღმერთო, მაცოცხლე და მაცხოვრეო! ჩვენ კი უნდა მოვკლათ? ფუუუჰ!” – (ავტორი გენია.ჯი)