ამონარიდი არჩილ სულაკაურის მოთხრობიდან – „ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან”

„ – ნუ გეშინია, მე არა ვარ ცუდი გოგო…

ვაჟი გრძნობდა, რომ მუხლები ეკვეთებოდა. უცებ თითქოს ქალიშვილის სიტყვების სიმართლეში დარწმუნება უნდაო, ორივე ხელი ნაცრისფერ ხალათში ჩასჭიდა და… ასხლეტილმა თეძოებმა და მოქნილმა წელმა გაიელვა თვალწინ. ქალიშვილი უნებურად ვაჟს მიეკრო, რათა შიშველი სხეული დაემალა. ვაჟი მთელი ტანით თრთოდა. თან გაშმაგებით უკოცნიდა თბილ მკერდს, ყელს, მხრებს. იგი პირველად იყო ასე ახლოს ქალის სხეულთან.

ქალიშვილი თითქოს მინებდა. ვაჟმა აიტაცა იგი, საწოლისაკენ წაიყვანა.

- მოიცადე.

- ვაჟს აღარაფერი ესმოდა.

- მოიცადე… გული წამივა… ცოტა პური გექნება, სულს მოვითქვამ.

ვაჟი ელდანაკრავივით შედგა.

- შენ არ იფიქრო პურისათვის… არა… მაპატიე… ცუდად გავხდი.

- რატომ წეღან არ მითხარი?

- ახლაღა დამეხვა თავბრუ.

ჯარისკაცმა სკამთან მიიყვანა იგი და ფრთხილად დასვა, მერმე ზურგჩანთა გახსნა და ამოალაგა ჯარისკაცური მშრალი ულუფა – პური და ძეხვის ნაჭერი. ფერდაკარგული ქალიშვილი ხარბად მისჩერებოდა ჯარისკაცს ხელებში, არ სჯეროდა, თუ იგი გაიმეტებდა ამ სიმდიდრეს.

- ჭამე! – უთხრა ჯარისკაცმა.

- შენ?

- მე არ მინდა. არ მშია.

მან ქალიშვილს წინ დაულაგა პური და ძეხვი. უხმოდ გაეცალა. ღია ფანჯარასთან მივიდა, უაზროდ მიაჩერდა მდუმარე შუკას. წეღანდელი ვნება გულში მინავლებულიყო და სირცხვილის მწვავე გრძნობა დაუფლებოდა”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>