ამონარიდები ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან – „უმადური”
„ – აგი წალდი არ ტკივა ამ მსხალს, გუდული ბაბუა? – ჰკითხა უჩამ და ხიდან ნიკურტით დარჭობილი წალდი ამოაძრო.
- ხე თუ წალდს და ნაჯახს გრძნობს, უჩა, ბაბუა, დაღუპულა ჩვენი საქმე და ისაა, ტყუილა ცდილობს მაშინ კაცი ცოდვების მონანიებას ღვთის წინაშე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დედამ თქვა შენზე, მაგას ხანი არც ემატება და არც აკლდებაო, დრო გააჩერა, მაგ შეჩვენებულმაო.
გუდულიმ თვალებში ჩახედა ბავშვს და შიგ თავისი ჭინკასავით ბავშვობა დაინახა, მერე თვალი აარიდა უჩას და ისე ჰკითხა, თითქოს სხვას ეკითხებაო:
- არ კვდებაო, აბა?
- არაო.
- დრო გააჩერაო?
- კი, გააჩერაო.
- დროს მე კი არა, ასი უღელი ხარ-კამეჩი ვერ გააჩერებს, უჩა, ბაბუა, – სინანულით გააქნია თავი გუდულიმ.
- აბა, რა გააჩერებს დროს? – დაინტერესდა უჩა.
- დრო მოვა და მისით გაჩერდება, ალბათ, – თქვა გუდულიმ და თავისივე ნათქვამზე გაეცინა”.
* * *
„ერთ თვეს, ორ თვეს, სამ თვეს, მერე ავადმყოფი არავის უყვარს”.
* * *
„ყველაზე სრულყოფილი და სრულქმნილი ჩვენს შორის შენ ხარ ხეო! ფესვი დედამიწის გულში გიდგას, მარტო ჩემს სამი თაობის ნაგრამს უჩრდილობებ და ვინ იცის, კიდევ რამდენს უჩრდილობებ. რამდენი წელია ნაყოფს იძლევი და ჯერ ტანში ჭია არ შეგჯდომია. მთელი სოფლის ნახევარზე მეტი ფრთოსნისა და მგალობლის სახლი და საყდარი ხარ, სინედლე, ფილტვი და გული ხარ ჩემი სახლ-კარისა. მადლობელი ვარ შენი, ბატონო, დიდი მადლობელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას, დიმიტრი ბატონო! – მივუსამძიმრე მე და ხელი გავუწოდე.
- არ მითხრათ, ბატონო ნოდარ, არ მითხრათ, მოგვჭრა თავი მაგ უმადურმა. ურჯულო თათარი არ მოექცევა ქრისტიანებს ისე, მაგი რომ შვილებს მოგვექცა.
- დიახ, კია ცოტა მოულოდნელი ამბავი, – ჩავურთე სიტყვა.
- მოულოდნელი კი არა, საარაკო, ბატონო. რა პირით ჩავიდე თბილისში? რითი ავხსნა ეს ამბავი? არ ინება ჩვენთან ცხოვრება, დედათქვენის საფლავს ვერ მივატოვებო. ძროხაო, ქათამიო… რა გახდა, ბატონო, ეს გაძვალტყავებული ძროხა, დაფეხვილი მამალი და წაქცეული სახლი?.. უჩას ვერ შეველევიო, ბატონო, ისიც კი მკადრა შარშან.
- უჩა ვინაა, ბატონო? – ვკითხე ზრდილობისათვის.
- ვიცი და არ ვამბობ? მეზობლის ბავშვი. მაგან კი არა, მამამისმა მიატოვა მუცელში და ეს რა ჭირისუფალი გამოუჩნდა ასეთი?..”
* * *
„უდუღარი რძით ვარ გაზრდილი, მე რომ მიყურებთ!”