ამონარიდი ნოდარ დუმბაძის დიდებული მოთხრობიდან – „დედა”
„…ახლა რომ რამე არ დალიოს, მოკვდება ლოთი, სისხლი შეუდედდება და მოკვდება… უნდა წავიდეს სადმე და დალიოს… დალიოს, დალიოს. მაგრამ სად? სადგურის რესტორანში – იქ დილამდეა ღია, ფული აქვს, წუხელ რომ მოიმათხოვრა რაღაც კაპიკები, ეყოფა… უნდა დალიოს არაყი, სულ ერთი ჭიქა, ერთი ყლუპი, ერთი წვეთი, ოღონდ უნდა დალიოს, თორემ მოკვდება, მოკვდება, მოკვდება… აი გაეყინა ხელი, ფეხი, სხეული, გაუჩერდა მაჯა. შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა, ლოთი წამოდგა, სწრაფად მივარდა კარს, სახელური გიჟივით მოზიდა თავისკენ და გაშრა…
ზღურბლის იქით ლურჯკაბიანი, სადად თამადვარცხნილი ჭაღარა ქალი იდგა.
ლოთს არ გაუგონია, ზურგს უკან როგორ დარეკა მეზობლის კედლის საათმა ექვსჯერ და როგორ აწანწკარდა ონკანში წყალი. ლოთმა თვალები დახუჭა და დიდი ხნის შემდეგ კვლავ რომ გაახილა, ჭაღარა ქალი ისევ ზღურბლის იქით იდგა შემცბარი, მაგრამ რაღაც შემაზრზენად სახეღვთიური.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? – ჩურჩულით ჰკითხა ლოთმა.
- ერთი საათია აქ ვდგავარ და დაკაკუნებას ვერ ვბედავ… – უპასუხა ქალბატონმა.
- ვინა ხართ თქვენ, ქალბატონო? – გაუმეორა კითხვა ლოთმა.
- თქვენი კარი მეასე კარია, ვერც ერთზე ვერ გავბედე დაკაკუნება, ალბათ, ვერც აქ გავბედავდი, თქვენ თვითონ რომ არ გაგეღოთ…
- რა გნებავთ ჩემგან, ქალბატონო?
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო, – ქალს ხმა აუთრთოლდა, – დედა ვარ!
- ვისი დედა?! – შეეშინდა ლოთს.
- ჯარისკაცის დედა ვარ, – ქალი გაჩერდა, რადგან ვეღარ ლაპარაკობდა… მერე, როგორც იქნა, განაგრძო, – ცნობა მივიღე, შვილი მიწევს ჰოსპიტალში მომაკვდავი და უნდა ჩამოვიყვანო… რადაც არ უნდა დამიჯდეს, სირცხვილად, ნამუსად, სიკვდილად, ზურგით, ფორთხვით, მაგრამ უნდა ჩამოვიყვანო…
„ჩემგან რა გნებავთ, ქალბატონო?!” – ლოთმა ეს თვალებით ჰკითხა.
- მათხოვარი არ გეგონო, შვილო, დედა ვარ, ფული მინდა… გზის ფული…
- თბილისის კეთილშობილო მოქალაქენო!.. – ჩაესმა ლოთს ყურში საკუთარი ხმა.
„მერე ჩემთან რამ მოგიყვანათ, ქალბატონო?” – ლოთმა ესეც თვალებით ჰკითხა.
- არ გამაწბილო, შვილო, არ დამღუპო, სხვა კარს მე ვეღარ მივადგები, ეს კარი უკანასკნელი იყო… – ქალმა თავი დახარა, ლოთმა დაინახა ქალის შავი, გაცვეთილი ფეხსაცმლის წვერს როგორ დაეცა ცრემლის რამდენიმე წვეთი, მან აცახცახებული ხელებით სწრაფად ამოიღო ჯიბიდან დაკუჭული, დაფლეთილი, ნაწვალები ფული და ქალს გაუწოდა. ქალს ხელი არ გამოუშვერია, მაშინ ლოთმა ძალიან ფრთხილად ქალს ფული უბეში ჩაუკუჭა, მერე ჯიბეები ამოიტრიალა და ისე დადგა ქალის წინაშე. ქალი კი იდგა და ტირილს განაგრძობდა, ლოთი მიხვდა, რომ ქალს მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მაშინ იგი ნელ-ნელა დაეშვა ორთავე მუხლზე, ფეხზე ემთხვია ქალბატონს და თავად უთხრა მადლობა:
- გმადლობთ, დედა!
და როდესაც კვლავ ასწია თავი, რათა ქალისთვის სახეში შეეხედა, ქალი აღარ იყო, ხოლო ზღურბლთან, იმ ადგილას, სადაც ქალი იდგა, დაფლეთილი, დაკუჭული და ნაწვალები ფული ეყარა”.