ამონარიდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან – „ნუ გააღვიძებ”
„არავინ არ ევაჭრებოდა კუკურას, ისე კი ცა და ქვეყანა ეკითხებოდა:
- რავა ყიდი მაგ ძროხას, კუკური?
- რამდენს იწველის, კუკურა, შენი ძროხა?
- ყველი თუ იცის ერბოიანი?
- რქენიე ხომ არაა, ბიჭო?
- სახელს რას უძახით?
- დერგში ხომ არ იცის ფეხის ჩადგმა?
ზოგს პასუხობდა კუკურა, ზოგს – არა.
ანანია მივიდა ბოლოს, ნიბლაძე.
- როგორ ყიდი, ბიჭო, მაგ ძროხას?
ფეხზე წამოუდგა ანანიას კუკურა. კუკურას ძროხას კი არა, მთელ ბაზარს რომ იყოდდა, ის კაცი იყო ანანია ნიბლაძე.
- სამი ათას მანეთად ვყიდი, ანანია, ბატონო!
- ძვირია, ბიჭო!
- ვიცი.
- მერე, დოუკელი თუ იცი!
- შენთვის ქაღალდია მაგი ფული, ანანია ბატონო, ჩემთვის კი საცხოვრებელია აგი ძროხა.
- რატომ ყიდი მერე? – მოუჭრა სიტყვა ანანიამ და თავმოყრილ ხალხს შეხედა კმაყოფილმა. კუკურამ არაფერი უპასუხა. ქვაზე დაჯდა ისევ.
- არ გეყურება?- გაუმეორა კითხვა ანანიამ.
- ამ შიშველ ციცას ხედავ შენ, ანანია? – ამოხედა ქვევიდან კუკურამ და ყვრიმალზე კუნთი აუთამაშდა.
- ორი ათას ხუთასი! – თქვა ანანიამ და ჯიბეში ხელი ჩაიყო.
- ერთი თვეა კლასში არ უვლია ამ ბაღანას, წუღა და კაბა ჭირდება, – თქვა კუკურამ და ნათელას შეხედა:
- მიეცი, ბიჭო, კაი ფასს გაძლევს, – ურჩია ვიღაცამ.
- მე რომ წავალ ჯარში, ამას და ნენას ჭამა არ უნდათ? – ჰკითხა შუამავალს კუკურამ.
- ორი ათას რვაასი! – თქვაქ ანანიამ და ფული ამოიღო ჯიბიდან… კუკურამ თვალი შეავლო ვეებერთელა ასმანეთიანებს. ანანიამ ცერსა და საჩვენებელ თითზე დაიფურთხა და ფული გადაკეცა.
- წაიყვანე! – თქვა კუკურამ და ფულს თვალი აარიდა.
ანანიამ საოცარი სისწრაფით დათვალა ფული და კუკურას გადასცა. კუკურამ თავის მხრივ დიდხანს თვალა ფული, მერე ფაქიზად გაახვია გაზეთში და ჯიბეში ჩაიცურა.
ანანიამ ძროხა ახსნა და იქვე მდგარ გლეხს გამოელაპარაკა.
- რამდენ კაცს ჩამოიარს, თუ იცი, აკაკია?
- კაცს გააჩნია, ანანია ბატონო.
- დღეს 10 კაცი ნადი მყავს და ხვალ 60 – სახლის გადახურვაზე.
- გაუჭირდება, ბატონო ანანია.
- გოჭს და ინდაურს მივახმარ.
- მაშინ, იცოცხლე, გეყოფა.
- რაც არ უნდა იყოს, ძროხაა მაინც! – თქვა ანანიამ და ძროხას გავაზე დაჰკრა ხელი. მთელი ამ საუბრის განმავლობაში გაკვირვებული კუკურა ხან გლეხს უყურებდა, ხან ანანიას. მერე უცებ ნესტოები დაებერა და ტუჩები გაუფითრდა.
- რისთვის გინდა, ბატონო ანანია, მაგი ძროხა შენ? – ჰკითხა.
ანანიას გაეცინა.
- რისთვის და დასაკლავად! – უპასუხა ანანიას მაგივრად გლეხმა.
- დასაკლავად?
- აბა, შენ რავა გეგონა?! – გაუკვირდა ანანიას.
კუკურამ სწრაფად ჩაიყო ჯიბეში ხელი და გაზეთის შეკვრა ამოიღო, მერე ძროხასთან მივიდა და ყელზე ხელი მოხვია.
- რას ბრძანებთ, ანანია ბატონო, ამის დაკვლა ვინ გაიგონა?! ა, ბატონო, თქვენი ფული, მიჭირს თვარა, ამისთვის მემეტება?
- გაგიჟდი ბიჭო, რაღა დროს პირის შეშლაა! – მოქაჩა ბაწარი ანანიამ.
- როგორ გეკადრება, ანანია ბატონო, მე გამომისვი აგერ დანა ყელში და მაგას არ დაგაკვლევინებ, ამის დამკვლელს ხელი არ უნდა შეახმეს? – კუკურამ ფრთხილად გამოართვა ბაწარი ხელიდან ანანიას, ჯიბეში ფული ჩაუკეცა და ნათელას მიუბრუნდა:
- წაიყვანე, გოგო, სახლში აგი ძროხა!
- სამი ათასი მანეთი! – თქვა ანანიამ.
- წაიყვანე, გოგო!
- სამი ათას ორასი!..
- რას ბრძანებ, ანანია ბატონო? – გაიღიმა კუკურიმ.
- სამი ათას ხუთასი, ბიჭო! – თქვა ანანიამ. ნათელა გაჩერდა და ძმას შეხედა თვალებში. კუკურა გაშრა, ჯერ ნათელას შეხედა შიშველ ფეხებზე, მერე – ფულს, მერე – ანანიას და მერე – ძროხას. ერთხანს ასე იდგა. ხალხი გატრუნული უცქეროდა საოცარ სანახაობას.
- რა გითხარი, გოგო, მე შენ? – გაუჯავრდა კუკურა ბოლოს გაშტერებულ ნათელას დაკარგული ხმით და ძროხას ხელი ჰკრა ფერდში.
- წადი, ძროხა, შინ! – ახლა ძროხას გაუჯავრდა კუკურა და ძროხა წავიდა შინ, კუკურა უკან მიჰყვა.
- ვაი, შენს პატრონს! – თქვა ანანიამ.
- აგი სულელი ყოფილა! – თქვა ვიღაცამ.
1942 წლის გაზაფხულზე მოხდა ეს ამბავი”.