რეზო ინანიშვილის მოთხრობა – „ობლები”

„ქმრის წლისთავისთვის ცოლიც გარდაიცვალა – ის უფრო ახალგაზრდა, უფრო ტანჯული. დარჩნენ მთლად ობლად მათი გოგონა და ბიჭი. ერთი რვა წლისა, მეორე – ექვსისა. სამძიმარზე მისულნი ჯერ მათ დაეძებდნენ, – ისინი სად არიან, ის ჩვენს ცოდვებს შეწირულებიო. ისინი გარეთ, კედელთან იდგნენ თავდახრილები, ხანდახან თუ ამოიხედავდნენ მაღლა. ქალი თუ კაცი გამწარებული სწყევლიდა განმგებლის სამართალს. განმგებელი კი ცაში ღრუბლებს კრებდა. ირეოდნენ, იღუშებოდნენ ის ღრუბლები, და როცა გამოასვენეს შავწამწამიანი თეთრი ცხედარი თეთრი სასახლით, დაიჭექა, ჩამოიხა და ჩამოიქცა ცა.

ჩამოდიოდა დგანდგარით შავი წვიმა, გალუმპა ცოცხლებიცა და მკვდარიც. მეტი გზა არ იყო, სახურავი დაახურეს სასახლეს და ისე წაიღეს. წყლისა და წყევლა-კრულვის გნიასში მალ-მალე იძახდნენ – მოგვეშველენით! მიეშველენით, ხალხო! ცოტამღა ააღწია შეჯღანულ, ნიაღვრებით ჩამოხაზულ სასაფლაომდე, ცოტამღა დაინახა, როგორ სცემდნენ კუბოს ლურსმნებს სველ ქვებს. როგორ ეცხობოდა შავი ტალახი კუბოს თეთრ ქიმებს სამარეში ჩაშვების დროს.

დაიწყეს მიწის მიყრა. და უცებ გამოშუქდა, ჯერ კიდევ წვიმაში გამობრწყინდა მზე, მერე იმ ბრჭყვიალა წვიმის შხაპუნიც შეწყდა, ნიაღვრებიღა ხმაურობდნენ ყრუდ. და ხალხმა დაინახა საოცარი რამ: მზე გაჩქარებული აშრობდა ერთად მდგარ, ხელიხელჩაკიდებულ გაწუწულ ობლებს. სველ მხრებზე და თმებზე შარავანდივით ედგათ რბილი, ოქროსფერი ორთქლი”…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>