ამონარიდები ჟიულ ვერნის რომანიდან – „80 000 კილომეტრი წყალქვეშ”
„ – პროფესორო, რა არის მარგალიტი?
- ჩემო კარგო ნედ, მარგალიტი პოეტებისთვის ზღვის ცრემლია, აღმოსავლეთის ხალხის თვალში – გაქვავებული ცვარი, ქალებისთვის – უძვირფასესი სამკაული, რომელსაც მინის ელვარება აქვს და სადაფის ნივთიერებისგან შედგება. ქალები მარგალიტით იმშვენებენ ყელს, თითებს, ყურებს. ქიმიკოსებითვის მარგალიტი ფოსფატისა და კარბონატის ნაზავია, რომელშიც მცირეოდენი წებოც ურევია. ნატურალისტის თვალში ეს არის ორხუფა ნიჟარაში მოთავსებული თონთლო ცხოველის გამონაჟონი.
თვით მარგალიტის მარცვალი კი შეკუმშული სადაფია, რომელიც სფერულ მოყვანილობას იღებს. ის ეწებება თონთლო ცხოველის ნაჭუჭს ან ცხოველის კანში არის ჩამჯდარი. მარგალიტის მარცვალს აქვს თავისი ბირთვი, რომლის გარშემოც ჟამთა სვლაში თანდათანობით მატულობს და იზრდება სადაფის ნივთიერება სიფრიფანა კონცენტრულ ფენებად”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ის კაცი ინდოელი იყო, დაჩაგრული ქვეყნის შვილი. მე კი მუდამ ვეხმარებოდი და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავეხმარები დაჩაგრულ ხალხს”.
* * *
„ნათქვამია, უკანასკნელი სასწაული ყველა სასწაულზე მომაჯადოებელიაო”.
* * *
„პროგრესი ძალზე ნელი ნაბიჯით ვითარდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მეწამული ზღვა… მართლაც, ეს ზღვა უფრო სახიფათო ზღვად მიიჩნევა, ბევრ საშინელებას აწერდნენ მას უწინდელ დროში.
- საძაგელი ზღვა გახლავთ, პროფესორო, ბერძენი და რომაელი მემატიანენი ძალიან ემდურიან მას. სტრაბონი აღნიშნავს, რომ ეს ზღვა განსაკუთრებით სახიფათოა ქარისა და წვიმის დროს, არაბი ედრიზი ამ ზღვას კალციუმის ყურეს უწოდებს და გადმოგვცემს, რომ მის თავთხელ წყლებში აუარებელი გემი დაღუპულა და ღამღამობით მასზე მოგზაურობას ვერავინ ბედავდაო. მისი სიტყვებით, ამ ზღვამ გრიგალი და ქარტეხილი იცის და, საერთოდ, „სახეიროს არაფერს წარმოადგენს”, არც სიღრმეში და არც ზედაპირზე”.
* * *
„ – გახედეთ ამ ოკეანეს, პროფესორო, განა, მასში სიცოცხლე არ არის?! განა, იგი არ გამოთქვამს თავის მრისხანებას და სინაზეს? გუშინ იმასაც ეძინა, როგორც ჩვენ. ახლა კი, წყნარი ღამის შემდეგ, როგორ იღვიძებს!
უცქირეთ, იგი იღვიძებს მზის სხივების მისალმებაზე! ცოცხლდება, ყოველდღიური ცხოვრებით იწყებს ფეთქვას! რა სასურველი და სახალისოა მისი დაკვირვება! მას აქვს ორგანიზმი, მაჯისცემა, სასიცოცხლო ძარღვი, კრუნჩხვა! ოკეანესაც ისეთივე სისხლის მოძრაობა აქვს, როგორიც ცხოველებს”.
* * *
„ – გაკვირვებას გადავეჩვიე”. – (ავტორი გენია.ჯი)