სოკრატეს შესახებ…
იმ კაცს, რომელსაც ათენის დემოკრატია ასამართლებდა არა მარტო მკრეხელობისათვის, არამედ არისტოკრატიული რეჟიმის მომხრეობისთვისაც, – უკანასნელ მონაზედაც უარესად ეცვა, დახეული ქიტონი ძლივს უფარვდა ზორბა სხეულს და ზემოდანაც ასევე დახეული, მაგრამ სუფთა მოსასხამი (ჰიმატიონი) ჰქონდა მოსხმული. არც მის ჩაცმულობაში და არც გარეგნობაში არაფერი იყო არისტოკრატიული. დიდი, მელოტი თავი; მოკლე, მორგვივით მსხვილი კისერი; ვეებერთელა, მუხის კორძივით მკვრივი მეჭეჭი შუბლზე; პაჭუა ცხვირი; ხარის თვალივით გადმოკარკლული, დიდი, კრიალა, სევდიანი თვალები; ყინულსა თუ თაკარა მზით გადახრუკულ მიწაზე უხამლოდ (ფეხსაცმელების გარეშე) სიარულისაგან დაშაშრული, თავისი ძველი ქოხის საძირკველივით დამსკდარი ფეხები, რომლებსაც იშვიათად თუ ღირსებიათ ფეხსაცმელი. ასე რომ, სოკრატეში არისტოკრატისა რა მოგახსენოთ…
კაცი მოხუცია. თავისი სამოცდაათწლიანი სიცოცხლის მანძილზე ის პირველად იყო სასამართლო პროცესზე როგორც ბრალდებული; პირველად და უკანასკნელად, რადგან ამ პროცესზე მას მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილი, რომელიც მალე სისრულეში იქნა მოყვანილი. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო მსჯავრი”. – (ავტორი გენია.ჯი)