ამონარიდი დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან – „ქამუშაძის გაჭირვება”
„კუსიას ხსენებაზე მოისმა საერთო ხარხარი.
- ახსენა თავისი კუსია! – წამოიძახა ვიღაცამ.
- რატომ არ ვახსნებ, შენ გენაცვალე, ღმერთმა ნუ დამავიწყოს მისი თავი! – უპასუხა სერაფიონმა.
- მონადირე ძაღლია, ბატონო სერაფიონ? – შეეკითხა ბიაშვილი.
- მონადირე არ გახლავს, უბრალო, შავი ნაგაზია, მარა ყოველ ჩემს კეთილს და ჩემისთანა ხელმოკლე კაცს ღმერთმა მისცეს იმისთანა შემბრალე და თანამგრძნობი… ერთობ რამე სულიერია! – თქვა სერაფიონმა. – რომ იცის ეხლა, ჩემო ბატონო, ჩემი გაჭირვება, ისე ვეცოდები, რომ მეტი აღარ შეიძლება, და ძალიანაც მეწევა…
- რაობით მერე, თუკი მონადირე არაა? – სიცილით შეეკითხა დაინტერესებული პორფირი.
- დილას, ბატონო, რომ ადგება, კაი დაკვირვებული ადამიანივით შემოირბენს სახლის ყოველ კუთხეს, ერთი წაქცეული სამზარეულო მაქვს, იქაც მისუნავს-მოსუნავს და თუ შეხედა, რომ სახლში არაფერი არ კეთდება, ერთი გავარდება, გავარდება ეზოდან. შემოირბენს მეზობლებს და, სად კეციდან ჭადს ააგლეჯს, გამოიტანს და მოარბენინებს, სად ქათამს ფრთას წააგლეჯს და მოაწანწალებს, სად კვერცხს გამონახავს, ხანდახან ჩადებულსაც არ დამიწუნებენო, გადასწყვეტს, და აგერ, რომ გვგონია – დღეს უსადილოდ ვრჩებით, გადაწყვეტილი გვაქვს, ეს ღვთისნიერი სულდგმული ხელად ამივსებს ცარიელ სუფრას ათასნაირი საჭმელებით… თითქოს მეზობლებისაგან ხონჩები მომსვლოდეს!..”