ამონარიდი ფრანც ფიუმანის მოთხრობიდან – „ღვთის სამსჯავრო”
„ჰმ, პატიებას მთხოვს ეს საცოდავი, მომჩერებია და კურდღელივით ცახცახებს”, გაიფიქრა მან და თვალი მოჰკრა, ბერძენს მუხლები და ხელები უკანკალებდა. ისიც დაინახა, რა მონური სიმხდალით იცქირებოდნენ მისი თვალები, მერე მისი ჩახლეჩილი, ათრთოლებული ხმაც გაიგონა: „Nu Kameraden guten Tag”, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილი მაშინვე დადუმდა. გაიფიქრა, საკმარისია თითი გავანძრიო და ეს კაცი უსულოდ დაეცემა ჩემს ფერხთითო. „მხოლოდ მომეპრიანოს, ერთი მომეხუშტუროს და სიცოცხლეს გამოვასალმებ”. ოდნავ შეათამაშა კიდეც თითი ჩახმახზე, მაგრამ მაშინვე იგრძნო, თითქოს თოფი ეწინააღმდეგებოდა. უეცრად გულში გაივლო, ჩემი თითი მოიხრება, რაკი ის კუნთებს ექვემდებარება, ზოგიერთი კუნთი კი გონებაზე არ არის დამოკიდებული და შეეცადა გაეხსენებინა სხვადასხვანაირი კუნთის ლათინური სახელოწდება, მაგრამ ვერა და ვერ მოიგონა. ვიდრე მისი ტვინი ანგარიშმიუცემლად, გაცხოველებით იხსენებდა გადავიწყებულ ტერმინებს, ფიქრობდა: „მისი სიცოცხლე ან სიკვდილი რაა, უარესიც შემიძლია გავუკეთო. ოდნავ ქვემოთ ან ოდნავ ზემოთ ვესვრი და მორჩა! თუ მოვინდომებ, კაცობას დავაკარგვინებ, ან დავაბრმავებ, დავაყრუებ, საცოდავ ხეიბრად ვაქცევ, რათა მთელი სიცოცხლე თავისივე განავალში ეგდოს. მაგრამ მისი შეწყალებაც შემიძლია, რომ მერე თავისი დღე და მოსწრება მემსახუროს. ვაჩუქებ სიცოცხლეს, რათა ყოველდღე მიწმინდოს ჩექმა და მირეცხოს თეთრეული. ასევე ვახტუნავებ ცალ ფეხზე, როგორც ახლახან ხტუნაობდა. ო, რა კარგი გასართობი მექნება! ვახტუნავებ, ვიდრე სული არ გასძვრება”.
უცებ გონებამ უკარნახა ის ლათინური სიტყვები, მაგრამ კუნთების ლათინური ტერმინები კი არა, სხვა სიტყვები იყო. ძლიერი, ფოლადივით მჟღერადი „deus, dei” – „ღმერთი, ღმერთები”. ჭაბუკი შეკრთა. „მაინც რაა ეს ღვთის სამსჯავრო, – გაიფიქრა მან, – რომელმა ღმერთმა უნდა განსაჯოს ეს საცოდავი? – ოდნავ ასწია თავისი შაშხანა, მერე უმალ დაბლა დაუშვა. – ჩვენა ვართ ეს მსაჯულები! ჩვენ ვართ ეს ღმერთები!”