ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”
„ – ადამიანებს ბავშვობიდანვე პატიოსნებას ასწავლიან, უპატიოსნონი კი გამოდიან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არა, ჩემო ძმაო, ადამიანს მარტო საკუთარი თავი როდის აბარია”.
* * *
„ – პასკალი ამბობს, ვაზს არასოდეს ერთნაირი მტევანი არ გამოუსხავსო, ხოლო მტევანს – ორი ერთნაირი მარცვალიო.
- პასკალი ვინ ეშმაკია?”
* * *
„რა უცნაურები ვართ ადამიანები, სულ ერთი ბეწო რამისათვის ისევე შეგვიძლია თავის მოკვლა, როგორც უმნიშვნელო წვრილმანისათვის სიხარულის განცდა”.
* * *
„ – ჩემი აზრით, ადამიანს გული დროგამოშვებით უცარიელდება”.
* * *
„ – ადამიანები ერთმანეთს ვეთვალთმაქცებით, სინდის-ნამუსიანებს ვეძახით, ვაქებთ და ვადიდებთ, ეს იმიტომ, რომ ერთმანეთი გვძულს და გვეშინია, ამიტომა ვართ უნამუსოები”.
* * *
„ – მე, გენაცვალე, მშვიდად არასოდეს მიცხოვრია, ან რას მიქვია მშვიდად ცხოვრება? თუ არ დაიხარჯე, გასაღები არ გაიღე, რა კაცი ხარ მაშინ?”
* * *
„ – წნევა თუ გაქვს, ბიძია, თვალში თუ ვეღარ იხედები და კაცად აღარ ვარგიხარ, ქალებს რატომღა ეტორღიალები?”
* * *
„ნიკოლოზისათვის რომ სკამი არ წაერთმიათ, ისევ ნიკოლოზი იქნებოდა”.
* * *
„ – კვება უნდა იყოს რეგულარული, საჭმელი მრავალფეროვანი:
- აუჰ! – შეიცხადა ვიღაცამ.
ლექტორს გაეცინა.
- ძალიან სასარგებლოა ხორცისა და თევზის პროდუქტები. განსაკუთრებით მოხარშული ქათმის ხორცი.
- ეგ, ბატონო, ნამეტანი ძვირია, – გული მოუვიდა ივლიანეს, – ცეცხლი უკიდია ქათამს.
- თქვენ ამ ქალაქში ცხოვრობთ თუ ჩამოსული ბრძანდებით? – დაინტერესდა ვარლამა.
- ოცდაცხრა წელიწადია ამ ქალაქში ვცხოვრობ, აქ გავჭაღარავდი.
- აპა, ქე უნდა იცოდეთ, რა ცეცხლწაკიდებული ბაზარიც გვაქვენ, რომ ბრძანეთ ხორციო, თევზიო, ქათამიო, ესაო და ისაო, ნოყიერი და ნუგბარიო, უცხო ხომ არ ბრძანდებით, ბატონო, შემოპარული, რავა იტყვი?! – (ავტორი გენია.ჯი)