ამონარიდები თამაზ ჯიბღაშვილის რომანიდან – „ადამიანი მარტო არ არის”
„ – სიმართლე გითხრა, კაცი რომ ერთ დღეში გარდაიქმნება, იმის არაფერი მწამს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბოროტი ადამიანის ამბავი არ იცი, არაფრისათვის მოგიკლავს გულს”.
* * *
„ – ათადან და ბაბადან ასეა, ასე იქნება მომავალშიც. ჩემი უბრალო ჭკუით მაინც გეტყვი: ჩემს ბავშვობაში რამდენჯეერ შემრჭვია ფეხში ეკალი თუ იცი, ერთი თვალის დახამხამებაში, წამიერად, ამოღებას კი დღეები დასჭირვებია. ამას იმიტომ გეუბნები, რომ ბოროტებაც წამიერია, თვალის დახამხამებაში ითესება, ამოსაძირკვად კი ძნელია”.
* * *
„ – საცოლე ბიჭი ვარ, მარა იმოდენა ცხვირი მაქვს, აღარ ვიცი, სად წავიღო. თუ კაცი პირისპირ მიყურებს, კიდევ არა უშავს. გვერდიდან შემომხედავს და მტრისას, პროფილი მაინც პროფილია! ცოლის მოყვანა გადავწყვიტე, – გავუმხილე მამაჩემს. – მეც ეგა მაქვს გუნებაში, გედროვება კიდეც, – მითხრა მან, – ოღონდ ერთი პირობით, ვისაც მე გეტყვი, ის უნდა მოიყვანოო! ალბათ უკვე შერჩეული ჰყავს-მეთქი და გამიხარდა, მეორე დღეს ბიძაჩემს წვეულება ჰქონდა და მამაჩემმა იქ წამიყვანა. გიყვარდეს, იქ ამბავი იყო, უმეტესად ჩემი ენაგატლეკილი ბიძაშვილის დაქალებს მოეყარათ თავი, ერთიმეორეზე უკეთესები იყვნენ, ანგელოსებიო, რომ იტყვიან, სწორედ ისეთები. მხოლოდ ერთი იყო გამორჩეული, ჩემი ცხვირი რა სახსენებელია, იმას რომ ჰქონდა! მამაჩემმა იქაურობას აუარ-ჩაუარა, გოგოები აათვალიე-ჩაათვალიერა და… კინაღამ გული გამისკდა, სწორედ იმას დაადო ხელი, ეს იქნება შენი ცოლიო. გონზე რომ მოვედი, ყელი გამოვუწიე, ოღონდ მაგას თავი დაანებე და სხვა რომელიც გინდა ის შემისახლე-მეთქი, გაჯიქდა მამაჩემი, ჩემი სიტყვა კანონიაო, ბოლოს, რომ არაფერი გამივიდა, სათხოვარზე გადავედი, – მაგ გოგოს კი ვითხოვ, მარა ერთი პირობით, აუზი უნდა აგვიშენო-მეთქი. მამაჩემს ჯერ გაეღიმა, მერე გაკვირვებულმა დააფახულა თვალები. – კი მაგრამ აუზი რიღას მაქნისიაო, – აბა, შე დალოცვილო, მე და მაგის შვილი ნიანგი გამოვა და აკვანში ხომ ვერ ჩააწვენ-მეთქი”.
* * *
„ასეა მუდამ, როცა ძალიან გეჩქარება, სწორედ მაშინ დაგაგვიანდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გულუხვი ხალხი გამორჩეულები არიან”.
* * *
„კაცს კაცის იმედი უნდა ჰქონდეს, მაგრამ გააჩნია, რა საქმეში”.
* * *
„გლეხკაცს რომ მიწიდან მოაცდენ, ვერაფერი ბიჭობაა”.
* * *
„ – ღვინო ყველას კი არ დაელევა. კაი ღვინოს კაი მსმელი უნდაო, არ გაგიგონია?”
* * *
„ნახირი რომ ნახირია, იმასა ჰყავს თავისი პატრონი”. – (ავტორი გენია.ჯი)