ნოდარ შამანაძის მოთხრობა – „უცნაური კაცი”
„შორიდანვე გამომწვევად შემომღიმა.
მივუახლოვდი და შესძახა:
- მომილოცე, მტრის მტერი შემეძინა!..
- რა? – ხელი ჩამოვართვი.
- ვერ მიხვდი?
- ვინ შეგეძინა?
- მტრის მტერი… წუხელ ჩემს სულელ ქალიშვილს გოგო ეყოლა.
- გილოცავ, ძმაო!.. – ვუთხარი და სიცილით შევაპარე: – ზოგს ვაჟიანობა უფრო უხარია.
- მე გოგო მინდოდა, გულის ჯავრს ამომყრის, ჩემს მტერს სამაგიეროს მიუზღავს.
- მოიცა, კაცო, ვერ გავიგე, რას ამბობ, ვინაა შენი მტერი?
- ვინაა და… – ნერწყვი გადაყლაპა მან, – ჩემი ჩერჩეტი ქალიშვილი. მეტი მტრობა რაღა იქნება?!
- ზეგ დიდ ფეხბურთს ვნახავთ, – ვცადე საუბრის სხვა ლარზე გადატანა.
მან მძიმედ ამოიოხრა:
- ინფარქტმა კინაღამ ფეხები რომ გამაჭიმინა შარშან, ხომ იცი?
- როგორ არ ვიცი… მადლობა ღმერთს, კეთილად გადარჩი.
- რაღა გადავრჩი! – გულთან ხელი მიიტანა. მერე ვალიდოლის ტაბლეტი ამოიღო და ენის ქვეშ დაიდო.
- ვისი ბრალია, თუ იცი? ჩემი გომბიოსი. ძაღლადაც არ ჩამაგდო, ადგა და გაიპარა, ვიღაც ჭკუააფრაკსა და ხელთუპყარს გაჰყვა. იმ ღამეს საკირეში ვიწვოდი. ძლივს გავათენე. ვაი, იმ გათენებას!
ცოტა ხანს გაყუჩდა, მერე ნაძალადევად გაიღიმა:
- ეს ბაღანა უტირებს ყოფას, თხუთმეტიოდე წელიწადიც და… ჩააგდებს ჩემს დღეში… ასეა, აბა, ბუნებაში არაფერი იკარგება:
- ფიზიკის კანონია, რას იზამ! – გავიცინე.
- ფიზიკის კი არა, ცხოვრების კანონია!.. – ხმას აუწია და სახე ისე მოექუფრა, დამნაშავე თითქოს მე ვყოფილიყავი. მინდოდა რაღაც სანუგეშო მეთქვა, დამემშვიდებინა. ამ ფიქრში რომ ვიყავი, ხელი გამომიწოდა, ნახვამდისო. მძიმედ შებრუნდა. ორიოდე ნაბიჯი რომ გადადგა, წაბორძიკდა. კინაღამ წაიქცა.
- რა ეშველება ახლა ამას? – გავიფიქრე და თვალი გავაყოლე სინანულით”.