ამონარიდი გივი კარბელაშვილის რომანიდან – „გათანგულნი”
„ – რეპუტაცია არ უნდა გაიფუჭო, თორემ სახელის გატეხვას თავის გატეხვა გერჩიოს. დაარტყი, დაჩეხე, გათელე, გასრისე, მოჰკალი, ოღონდ არავინ გაგიგოს, რაც მთავარია, ვერ დაგიმტკიცოს და მაშინ ყველასა და ყოველს კეთილი ბოლო ექნება, ისეთი კეთილი თუ პატივდებული, რომ შენ, კაცისმკვლელს, უფლება გექნება საქვეყნოდ დაჰგმო და გაასამართლო, გაჰკიცხო და გაამასხრო ყოველგვარი კანონის ყოველნაირი დამრღვევი, თუნდაც ისეთი, რომელმაც უადგილო ადგილას ცხვირი დააცემინა, ან დაამთქნარა და მით საზოგადოება შეურაცხყო, ანდა ჩარლი ჩაპლინივით უტაქტოდ ხელჰყო თავისივე საკუთარ ღირსებასა და ქონებაზე უხიაგად მონადირე ლამაზმანები… იმრუშე, ითაღლითე იმდენი, რამდენიც გენებოს, ოღონდ არავინ დაგინახოს და მაშინ ჩვენი წესრიგი შენ სხვათა, ყველაზე მართალთა და ალალთა განსჯისა და დაკნინების უფლებით შეგმოსავს, ნებას დაგრთავს გაათახსირო ის, ვინც შენთან შედარებით ანგელოზია”.