ამონარიდი გიორგი ნატროშვილის თხზულებიდან – „სიზმარი”
„ – აქეთ წამოსვლისას ბატონიშვილი ვნახე, იოათამი ჩამოსულიყო მასთან, ყაითმაზაშვილი… პირდაპირ ქართლიდან მოვდივარო, იმან მიამბო ყველაფერი…
- გივი რასა იქმსო, არა ჰკითხე?
- გივისაც იარაღი დაუყრია… ნადიშას ჩაფარი გამოუგზავნია ქართლში – გივი ამილახვარი აქ მომგვარეთ და თუ მანდ იყოლიებთ, თვალები დასთხარეთო. თვალების დათხრას იხვეწა თურმე გივიმ, მაგრამ არა ქნეს და გაისტუმრეს ერანისაკენ…
- თვითონ იხვეწაო? თვითონ? თვითონ? – რამდენჯერმე გაიმეორა, კარგარეთელმა, თითქოს ყველა სხვა სიტყვა დავიწყებოდა.
- ჰო, თვითონ. შენ არ შეიხვეწებოდი? – მწყრალად ჰკითხა ციციშვილმა და ისევ სათქმელს დაუბრუნდა. – გივი რომ დაუმარცხებიათ, მერე მომდგარან ყიზილბაშები და მთელი ქართლიც და კახეთიც საბლით გადაუზომავთ. ვაზებიც სათითაოდ დაუთვლიათ, ყველაფერს თურმე დიდი ხრევი დააწერეს… თითო ვაზს – თითო ბისტი დაადეს, თითო ხეს – თითო შაური, კაცს – ორი მინალთუნი, ყმაწვილსა და ასაკოვანს – ხუთი აბაზი, ბოსტანს, მწვანილის კვლებს, წისქვილებს, ყველა შენობას თურმე ასეთი ხრევი დასდვეს, მთელი საქართველო რომ გაიყიდოს, ვერ აუვა. რომ ვეღარავინ იხდის, ბიჭები და გოგოები მიჰყავთ… ჰოდა, მთელი სოფლები აყრილან და წასულან.
- საით წასულან? – გაოცებით წამოიძახა დავითმა.
- ურუმის ქვეყნისაკენ დაძრულან (თურქეთი). ურუმი ქართლის კაცით ავსებულა…
დავითმა მწარედ ჩაიქნია ხელი და დაბლა ჩაღუნა უქოჩრო თავი.
მას არც კი შეუმჩნევია, რომ იასეცა და ტიტეც წამოდგნენ და საძილედ გამზადება დაიწყეს. მარტო თვითონღა დარჩა მაგიდასთან. იჯდა იქ და იქ კი არ იყო, შორს იყო ფიქრით წასული, ძალიან შორს, ნასოფლარების ქვეყანაში.
იმ ნასოფლარებში ერთს საგურამო ერქვა და იქაც ყიზილბაშები ირეოდნენ, საბლით იმ მიწასა ზომავდნენ, სადაც დავითმა ფეხი აიდგა. მერე ვაზებსაც სთვლიდნენ, ხეებსაც და უნებურად თვითონაც სთვლიდა დავითი ატმის, ჭერმისა და ბროწეულის ხეებს თავის ეზოში, იხსენებდა, რომელი სად იდგა, და ვარაუდობდა, რამდენ ბიჭსა და გოგოს წაიყვანდნენ ყიზილბაშები იმ ატმებისა და ჭერმების ფასში, ნატრობდა, ის ხეები სულ არ ამოსულიყვნენ, გამხმარიყვნენ, ცეცხლს გადაებუგა.
ყველაფერი ენახა დავითს და ის კი აღარ ეგონა, თუ ისეთი განსაცდელი დადგებოდა ოდესმე, რომ ქართველი კაცი თავის სახსნელად ურუმის ქვეყანაში გაიქცეოდა: ისე როგორ უნდა გაუჭირდეს კაცს, რომ თავის საშველად ჯოჯოხეთს მიაშუროსო”.
* * * * * * *
P.S. გიორგი ნატროშვილის თხზულებიდან ამოღებული აღნიშნული ამონარიდი – „გენია.ჯი”-ს მეთხუთმეტეათასე (15 000) პოსტია ქართულ ინტერნეტსივრცეში.