ამონარიდი გიორგი ნატროშვილის მოთხრობიდან – „ვინ არის ეს კაცი?!”
„უეცრად სტუმარმა მაღლა აიხედა და მისი თვალი სურათებს რომ შესწვდა, რატომღაც შეცბა, წარბები მოეღუშა და ბავშვებმა აშკარად დაინახეს, რომ სტუმარი გაფითრდა, მერე ვანოს თვალებში ჩახედა და წყნარად უთხრა:
- ოთახი კარგად მოგირთავს… სურათებიც… – და უცებ ხმა ჩაეხლიჩა, – მაგრამ ის რად გინდა?
- ვინ, კაცო?
- აი ის, ხედავ… ჩამოხსენი…
ვანო სადღაც იმ სურათებს იქით იყურებოდა, მაგრამ შავი თითი, ნაოჭებში თოფის საწმენდი ზეთი რომ ჩაჰკვდომოდა, პირდაპირ ილია ჭავჭავაძის პორტრეტისაკენ იყო გაწვდილი:
- ჩამოიღე-მეთქი…
ბიძინამ პირველად დაინახა, რომ მისი ჭკვიანი, მუდამ დინჯი ძია დაბნეული იყო.
- ჩამოიღე-მეთქი, – ისევ ამოიხრიალა სტუმარმა.
- ვინა, კაცო? – გაოგნებული იყო ვანო.
- აი ის! – და თითი ისევ ილიაზე უჩვენა.
ახლა კი სტუმარს რაღაც უცნაურად ჩააშტერდა თვალებში ძია ვანო და ოთხი წყვილი თვალიც მას გაჰყვა. და მათ უეცრად დაინახეს, პირველად დაინახეს ახალი მეზობელი, აფთრის თვალებივით აბზიანებული თვალებით, ცოფით ამღვრეული სახით, უღიმილობის დაღით რომ აღბეჭდილიყო.
ვექილი ნელ-ნელა წამოდგა ფეხზე. მას ახლა კიდევ ერთხელ გაახსენდა, რომ ახალი მეზობლის არც სახელი და არც გვარი არ იცოდა, ისე გადაუშალა გული, ისე შემოიპატიჟა, ისე დაუხვდა, როგორც ქართველი მასპინძელი ქართველ სტუმარს და ისიც შემოსწრებულს.
მაგრამ ეს სტუმარი არც შემოსწრებულსა ჰგავს, არც კეთილ მეზობელს და გაოგნებულმა ძია ვანომ ენის ბორძიკით ჰკითხა:
- ვინა ხარ, კაცო?
- ვინა ვარ? მესამე ნომერი ვარ! – წამოიძახა მთვრალმა მეზობელმა. – პირველმა ნომერმა შეიძლება ტყვია დააცდინოს, მაშინ მეორე მოახვედრებს, თუ მეორესაც უაცდა – მაშინ მესამემ შუბლში უნდა მოარტყას, გაიგე?
ვანომაც, ბიძინამაც უნებურად კედლისაკენ გაიხედეს და ილიას ნატყვიარ შუბლს შეხედეს.
წუთით საზარელი დუმილი ჩამოვარდა და იმ სიჩუმეში ბავშვის წივილი გაისმა.
- ძიავ! ვინ არის ის კაცი!
და ოთახში ბავშვმა ერთბაშად ატეხა ტირილი…
დახეთ, ეს რა დაემართა გამოცდილ ვექილს, აღარაფერი ესმის ბავშვის იმ წივილის გარდა:
- ძიავ! ვინ არის ეს კაცი?
- ეგ კაცი არ არის, შვილო! ეგ, ეგ… ან თვითონ სატანაა, ან გიგლა ბერბიჭაშვილია…
და ვექილმა უცებ წაიწია, თავის სიცოცხლეში პირველად წაიწია კაცზე… მაგრამ ბერბიჭაშვილი იქ აღარ იყო. მართლაც რომ სატანასავით, მართლაც რომ მოჩვენებასავით გამქრალიყო”.