ამონარიდი მიხეილ მრევლიშვილის მოთხრობიდან – „გულშემატკივარნი და მათი ამბავი”
„მშვიდი და წყნარი იყო იმ ღამით გარემო. ღამის მყუდროება მაცოცხლებელ რიჟრაჟს ჯერ კიდევ დუმილში აწრთობდა. მთვარე თანდათან ფერმკრთალდებოდა და ჰკარგავდა ნირს. ცის ტატნობში ოსტატურად ჩაქსოვილ, ოდნავ შესამჩნევ ლილისფერ ზოლს, ვერცხლის ზარნიშში ჩამჯდარი მტკვარი სატრფოს მომლოდინე ვაჟკაცის ქოთქოთით ხვდებოდა.
ხის შტოებში მოთარეშე სიო ნაზად აშრიალებდა ფოთლებს და ეს შრიალი ახალი სიცოცხლის დაბადების საგალობლად ისმოდა. მოლოდინის ჟრჟოლვაში იბადებოდა განთიადი და ყველაფერი ამქვეყნიური ახლად შობილი გარიჟრაჟისა და სიცოცხლისაკენ ილტვოდა.
მხოლოდ დასტაქარი იდგა ახალგაზრდა დედის წინ დანით ხელში და სასიცოცხლოდ ათრთოლებულ ნაყოფს ჰკვეთდდა.
თითქოს ვერ გაუძლო ამ ვერაგობას ბუნებამ და საზარლად შეჰბღავლა. იტყოდით, თუ დაინგრაო ზათქისაგან ქვეყანა. შუბლშეკრული ცა მეხად დაეცა მძინარე უბანს და გრგვინვა-ქუხილით მოედო გარემოს. ელვამ გასერა ღრუბლების ქულა და წუთით გაანათა ცოდვილთა ბუნაგი.
ფანჯარასთან მდგომი დასტაქარი გამძვინვარებულ ბუნებას გაჰყურებდა და თავმომწონედ იღიმებოდა. მხოლოდ წვეთი უმანკო სისხლისა შეშხეფებოდა შუბლზე”.