ამონარიდები ნოდარ დუმბაძის რომანიდან – „მზიანი ღამე”
„ – თქვენ იცავთ ამ ახალგაზრდობას, რომელსაც ზრდილობა არა აქვს, პატიოსნება, არ იციან დისციპლინა, უმცროს-უფროსი. თქვენ იცით, რომ ამათმა ტოლმა სტუდენტმა გუშინ კაცი მოკლა კიროვის სახელობის ბაღში! თქვენ იცით, რომ ერთი კვირის წინ ამათმა ტოლმა ორმა სტუდენტმა მაღაზია გაძარცვა! ამის ტოლმა სტუდენტმა, – მოათითა ჩემზე ბატონმა გიორგიმ, – ქალი გააუპატიურა კუკიის სასაფლაოზე და ამათმა ტოლმა სტუდენტმა გოგონამ უკანონო შვილი გააჩინა? – დაარტყა ხელი მაგიდაზე გიორგიმ.
- თქვენ იცით, ბატონო გიორგი, რომ ამისი ტოლი ბიჭი ამბრაზურას გადაეფარა მკერდით? თქვენ იცით, რომ ამის ტოლა გოგონა სახრჩობელაზე ავიდა? თქვენ იცით, რომ გუშინ ამის ტოლა ვაჟმა თქვენი ტოლა კაცი ამოათრია მტკვრიდან? – არ იცით, არც გინდათ იცოდეთ და არც არის სავალდებულო, რომ თქვენ იცოდეთ!… – წამოდგა ბატონი შალვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთო, რამდენი შეკითხვები იციან ბავშვებმა”.
* * *
„უნივერსიტეტი, ალბათ, მართლაც სკაა, უზარმაზარი დევების სკა და რა ბედნიერებაა, როდესაც იცი, რომ შენც ამ სკაში ცხოვრობ, როგორც ღმერთის სამსახურში მყოფი პატარა ფუტკარი”.
* * *
„ – ყველას ნდობა არ შეიძლება, ბიჭო!”
* * *
„ – ახალგაზრდობა მოვა თავის დროზე და მისით ჩაიბარებს თავის ქვეყანას. ახალგაზრდობა დაგვმარხავს ჩვენ და დაგვაწერს საფლავის ქვაზე სახელებსა და გვარებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ამხანაგო ჭიჭინაძე, ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ მოკლე კაბა, საყურე და პომადა არ არის სერიოზული საკითხი. ეს ასევე სერიოზული საკითხია, როგორც… – უშანგიმ პაუზა გააკეთა, მაგრამ ვერ გაიხსენა…
- როგორც? – ჰკითხა გურამმა.
- როგორც… – კვლავ ვერ გაიხსენა უშანგიმ, – როგორც ყველაფერი და, გახსოვდეთ, რომ ჩვენ მოკლეკაბიან, საყურეებიან და პომადიან ხალხს ვერ შევუშვებთ კომუნიზმში.
- კი, შენ თუ დაგაყენეს კართან! – თქვა არჩილმა”.
* * *
„ – რა კვალი, კაცს გინდა წინ გივლია, გინდა უკან, კვალი კვალია. არ გინდა უკუღმა ნავალი კაცის კვალი დატოვო? მაშინ წინ იარე, ბიჭო”.