ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„უარი მაინც უარია, ოქროს ლანგრით მოგართმევენ თუ მუჯლუგუნის თანხლებით”. – (თეთრკაბიანი გოგონა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უქალო ოჯახს, მოგეხსენებათ, სითბო აკლია, მიმსვლელ-მომსვლელი თანდათან კლებულობს, კარებს ძალიან ხშირად აღარც ნათესავები გიღებენ და თანდათან ყველა როგორღაც განზე დგება”. – (მკვლელობა)
* * *
„ – იცი, რა გითხრა, თეიმურაზ? ადამიანს ჯერ კარგად დაუკვირდი. ჯერ გაიგე, ვინ არის, რა არის, შენთვის კარგი უნდა თუ ცუდი, და მერე დაუახლოვდი. აი!” – (ქალბატონი ელენე)
* * *
„ – კაცის მოკვლას ან მიზეზი უნდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, ან საბაბი, ან გიჟი უნდა იყო ან გულში მტრობა უნდა გქონდეს… რა ვიცი… ან, ჰა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, შემთხვევით შემოგაკვდეს”. – (მკვლელობა)
* * *
„ბრიყვებს ყურადღება არ უნდა მიაქციო”. – (ქალბატონი ელენე)
* * *
„ – მაგის პირობას ჩვენ გაძლევთ.
- პირობა კარგია, მაგრამ…
- სწორი ხარ. პირობას საქმე სჯობია”. – (მკვლელობა)
* * *
„ქალბატონი ელენე მოხუცებული იყო, მაგრამ ახლა რომ მის შავ, ცეცხლოვან თვალებს ვიხსენებ, რა ზვიადი, უტეხი გამოხედვა ჰქონდა და როგორი ხანგრძლივი, მძიმე ჩაფიქრება იცოდა, ვხვდები, რომ იმ ქალში ჯერაც ბევრი სასიცოცხლო ენერგია იმალებოდა. მაგრამ რად გინდა ეს სასიცოცხლო ენერგია, თუ ამ უკიდეგანო ქვეყანაზე მარტოდმარტო ხარ, თუ შინაურიც და გარეულიც – ყველა დარწმუნებულია, რომ ყოველგვარი საამქვეყნო საქმე მოთავებული გაქვს და აღარც შენ გჭირდება ვინმე და აღარც ვინმეს შენ უნდიხარ?” – (ქალბატონი ელენე)
* * *
„ – ერთი რამ შემიძლია გადაჭრით გითხრათ: ვინც ფრონტზე იყო და ცოცხალი გადარჩა, ის ამ ქვეყანაზე მეორეჯერ ცხოვრობს. იცით, რატომ? იმიტომ, ჩემო ძვირფასო, რომ ადამიანი სიცოცხლისთვის არის გაჩენილი. ხომ არ გეწყინათ, ასე ფამილარულად რომ მოგმართეთ? ჰე… სიცოცხლისათვის. ფრონტზე კი ადამიანის სიკვდილი ჩვეულებრივზე უფრო ჩვეულებრივ ამბად იქცა. რამდენჯერ ყოფილა, რომ შენს ახლობელს, ამხანაგს, მეგობარს, სულ ერთი წუთის წინ რომ ცოცხალი, უვნებელი და, იქნებ, მხიარულიც კი იყო, შენ იმას გაელაპარაკე, იმანაც გიპასუხა, იქნებ. ერთმანეთს გაეხუმრეთ კიდეც… უეცრად რაღაცამ გაიწუილა… აი, ისე, იმერეთში ან სამეგრელოში კოღო ზედ ყურთან რომ გაიწუილებს ხოლმე და – მორჩა, თქვენი ამხანაგი ამქვეყნად აღარ არის. ისე გაციებულა, რომ ამოკვნესაც კი ვერ მოუსწრია. შენ კი – თითქოს აქ არაფერიო. გული კი საშინლად გტკენია, მაგრამ სულ ერთი წამით. მეორე წამში გეუფლება იმის გრძნობა, რომ შენ ფრონტზე ხარ, ადამიანის სიკვდილი აქ ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ… გულისტკივილი, სინანული, სულ ერთი წამით გაგირბენს გულში და პირდაპირ უკვალოდ ქრება”. – (უსიეჟეტო მოთხრობა) – (ავტორი გენია.ჯი)