ამონარიდი რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „მუსიკა ქარში”
„ნელ-ნელა გავიტანეთ და გავყიდეთ, რისი გაყიდვა და გასაღებაც შეიძლებოდა. თავის გასატანი ფქვილი და ლობიო უნდა შეგვეძინა როგორმე. უფრო სწრაფად ვიზრდებოდი, უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავდი, ვიდრე საჭირო იყო. შეუსაბამობა ენერგიის ხარჯვასა და მატერიალურ შესაძლებლობას შორის თანდათან მაჩენდა კვალს და დედა სასოწარკვეთილი მიზომავდა დაწვრილებულ მაჯებს. ერთხელ წიგნაკებზე აღებული, მაღაზიიდან გამოტანილი მთელი ოჯახის ნორმა ცხელი პური კინაღამ სახლში მიტანამდე შემომეჭამა. ჩემი წილი ათვისებული მაქვს-მეთქი, განვაცხადე შინ, ნაკლული პური დავტოვე და სადილზე აღარ გამოვჩენილვარ, დაღამებულს შევძვერი ოთახში. ერთი ულუფა პური ხელუხლებლად იდო მაგიდაზე კერძთან ერთად. მადიანად შევექეცი, დავნაყრდისავით, ვინ დაწვა მშიერი, აღარ მომიკითხავს, თუმცა რაღა კითხვა და მარჩიელობა სჭირდებოდა “.