მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“მოღალატე ცოლის ქმარს ყოველთვის ჰქირდავენ,მასხრად იგდებენ და აუგად იხსენიებენ,თუმცაღა კარგად იციან,რომ საცოდავს,შეიძლება,წარმოდგენაც არ ჰქონდეს,რა ამბავია მის თავს და არც ცოლის გარყვნილებაში მიუძღვის ბრალი,რადგანაც ეს მისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის შედეგი კი არ არის,არამედ ქალის ავხორცობისა და უკეთური ბუნებისა. და მაინც,სიბრალულით კი არა,ერთგვარი ზიზღით უმზერენ მას.ახლა კი ისიც უნდა აგიხსნათ,თუ რატომაა,რომ მოღალატე ცოლი ჩირქსა სცხებს მეუღლის ღირსებას,თუმცა ამ უკანასკნელმა,შეიძლება,არაფერიც იცოდეს,არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს ცოლის გარყვნილებაში და არც იმისი საბაბი მიეცეს მისთვის,რომ მოლიპულ გზას დასდგომოდა.მაშ ყურადღებით მისმინეთ,რადგან თუ ვამბობ,თქვენს სასიკეთოდ ვამბობ ამას.საღმრთო წერილი ბრძანებს,როდესაც ღმერთმა მიწიერ სამოთხეში ჩვენი პირველი წინაპარი ადამი შექმნა,ღრმა ძილით დააძინა იგი,მარცხენა ფერდიდან ნეკნი ამოუღო და ჩვენი პირველი დედა,ევა,შექმნაო.ადამს გაეღვიძა და, თავის გვერდით ქალი რომ დაინახა,ასე შესძახა თურმე: “აი,ჩემი ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანიო”.ღმერთმა კი ბრძანა: “ამიტომაც დაუტევებს კაცი დედ-მამას თვისას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც”. და სწორედ მაშინ იქნა დადგენილი წმიდათაწმიდა საიდუმლო ქორწინებისა,რომლის კავშირიც ისე მტკიცეა,რომ მხოლოდ სიკვდილს თუ შეუძლია მისი დარღვევა.ისეთი ძალა აქვს ამ წმიდათაწმიდა საიდუმლოს,რომ ორ სხვადასხვა ადამიანს ერთხორცად აქცევს; მეტიც,მოყვარულ ცოლ-ქმარს ორი სული აქვს,ნება კი – ერთი.აქედან გამომდინარეობს,რომ თუ ცოლის სხეული,იმავდროულად,ქმრის სხეულიცაა,მისი ყოველი მწიკვლი ქმრის სხეულსაც ბღალავს,თუნდაც ქმარს,როგორც წეღან მოგახსენე,არავითარი ბრალი არ მიუძღოდეს ცოლის ბიწიერებაში.ფეხის ან რომელიმე სხვა ასოს ტკივილს მთელი სხეული გრძნობს,რადგანაც მთელი და ნაწილი ერთარსადაა შერწყმული; კოჭის ტკივილს თავიც განიცდის,თუმცაღა თვითონ როდია კოჭის ტკივილის მიზეზი.ზუსტად ასევე,ქმარიც იზიარებს ცოლის ბიწიერებას,რადგან ცოლ-ქმარი სულით და ხორცით ერთია და განუყოფელი. და რაკი ამ ქვეყნად ყველა არსების,მათ შორის,მოღალატე ცოლის ღირსებაც და უღირსობაც სისხლისა და ხორცისგან იღებს დასაბამს,ამიტომ უღირსი ცოლის ბიწიერება ჩირქსა სცხებს ქმრის ღირსებასაც,თვით იმ შემთხვევაშიაც კი,როცა ამ უკანასკნელს წარმოდგენაც არ აქვს,რომ მისი ღირსება შებღალულია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“გულუხვობა იმნაირი სიქველე გახლავთ,რომ ღარიბი კაცი ვერავის მიმართ ვერ გამოიჩენს სიუხვეს,თუგინდ ამ სიქველით ყველაზე მეტად შემკულიც იყოს,დიდსულოვნება კი,რომელიც მხოლოდ კეთილ განზრახვად რჩება,ისევე მკვდარია,როგორც რწმენა – საქმის გარეშე”.
* * *
“მკრეხელობა იქნება,ცდის საგნად ვაქციოთ თვით ჭეშმარიტება,ვინაიდან ცდის ჩატარების შემდეგაც იმადვე დარჩება,რაც მის ჩატარებამდე იყო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი ძნელი საქმის აღსრულება ან ღვთის დიდებას ისახავს მიზნად,ან ამქვეყნიურ სიკეთეთა მოხვეჭას,ან კიდევ ორივეს ერთად”.
* * *
“გახსოვდეს,უფალი ღმერთი გულუბრყვილოთა კეთილი ზრახვის შემწეა და ჭკუის კოლოფთა ბოროტების დამთრგუნველი”.
* * *
“ბედის ბორბალი წისქვილის ბორბალზე უფრო ჩქარა ტრიალებს”.
* * *
“ცნობილია,რომ ზოგიერთი ქალის მშვენებას თავისი დრო აქვს და თავისი ჟამი; ესა თუ ის გარემოება გაცილებით უფრო მომნუსხველს ხდის ან,პირიქით,პეწს უკარგავს მის მშვენებას და, თუმცა სულიერი მღელვარება უმეტესწილად სილამაზის მტერი გახლავთ,ისიც სავსებით ბუნებრივია,რომ იგივე მღელვარება ზოგჯერ მეტად ან ნაკლებად ზრდის ქალური სილამაზის ხიბლს”.
* * *
“ღატაკის ცხოვრება სხვა არა არის რა,თუ არა დაუსრულებელი უბედურება: შიმშილი,სიცივე,სიშიშვლე,ან თითოეული ცალ-ცალკე,ან ყველაფერი ერთად, – აი,ღატაკთა ხვედრი”.
* * *
” – განა ყველაფერი,რასაც გამიჯნურებული პოეტები ამბობენ,სრული სიმართლეა?
- როგორც პოეტები,ისინი შეიძლება არც ამბობდნენ მართალს,მაგრამ,როგორც მიჯნურნი,ყოველთვის გულწრფელნი და ალალმართალნი არიან”.
* * *
“გახსოვდეს,ვინც შეუძლებელს მიელტვის,იმას შეიძლება შესაძლებელიც ხელიდან გამოეცალოს”. (ავტორი გენია.ჯი)