თედორე დოსტოევსკის რომანიდან – “ძმები კარამაზოვები”
“მაინც რა არის პატიოსნება,ანდა სისხლის დაღვრის ცოდვად მიჩნევა,იქნებ სულაც მხოლოდ დრომოჭმული გადმონაშთია?” იქნებ ვინმე შემეკამათოს კიდეც და მითხრას,რომ ავადმყოფური,ისტერიკული,ცილისმწამებელი ადამიანი ვარ; რომ ვბოდავ ან ვაზვიადებ… დაე,დაე ასე იყოს! ღმერთმა იცის,მე პირველი გავიხარებდი,მართლა ასე რომ იყოს! თქვენი ნებაა,ნუ დამიჯერებთ,ავადმყოფად ჩამთვალეთ,მაგრამ მაინც გახსოვდეთ ჩემი სიტყვები: ჩემს ნათქვამში თუნდაც მეათედი ან მეოცედიც რომ იყოს სიმართლე,მაშინაც საშინელება იქნება ეს ყველაფერი! აბა,შეხედეთ,ბატონებო,ნახეთ,როგორ იკლავენ თავს ჩვენთან ახალგაზრდები.ო,მათთვის უცხოა ჰამლეტისეული კითხვები,მათ არ აინტერესებთ: “რა იქნება იქ?” თითქოს ეს საკითხი ჩვენს სულსა და ყველაფერ იმაზე,რაც მიღმიერ ცხოვრებაში გველის,კარგა ხანია უკვე მათ გულებში დამარხულა,დამარხულა და მტვერიც მიჰყრია.დააკვირდით,რა გახრწნილებამ და რა ავხორცობამ მოგვიცვა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ო,ჩვენ უსაზღვროდ უშუალოები ვართ (მწერალს მხედველობაში ჰყავს რუსები),ჩვენში კეთილისა და ბოროტის გასაოცარი ნაზავია,ჩვენ განათლებას და შილერს ვეთაყვანებით,მაგრამ იმავდროულად ტრაქტირებში შფოთს ვტეხთ და ჩვენივე ლოთ თანამეინახეებს წვერს ვაგლეჯთ.ო,დიახ,ჩვენ ხანდახან საოცრად მშვენიერები და კარგები ვართ,ოღონდ მხოლოდ მაშინ,როცა თავად ვგრძნობთ თავს მშვენივრად და კარგად; მეტიც,შეპყრობილები ვართ – სწორედაც შეპყრობილები – უკეთილშობილესი იდეალებით,მაგრამ იმ პირობით,რომ ეს იდეალები თავისთავად აღსრულდეს,ზეციდან მაგიდაზე ჩამოგვიცვივდეს და რაც მთავარია,სრულიად მუქთად,მუქთად,რომ ამისთვის არაფრის გადახდა არ დაგვჭირდეს,რადგან გადახდა საშინლად არ გვიყვარს.სამაგიეროდ,მიღება მოგვწონს ძალიან და ასე ყველაფერში! ო,მოგვეცით,მოგვეცით ცხოვრების ყოველი სიკეთე (სწორედ ყოველი,რადგან ამაზე ნაკლებზე არ ვთანხმდებით) და ნურც ჩვენს ზნე-ჩვეულებებს შეუშლით დიდად ხელს.მაშინ ჩვენც დავამტკიცებთ,რომ შეგვიძლია კარგები ვიყოთ.ხარბები არა ვართ,ო,არა,მაგრამ მოგვეცით ფული და თანაც რაც შეიძლება მეტი,მეტი ფული და ჩვენც მაშინვე დაგანახვებთ,როგორ სულგრძელად,როგორ ზიზღით გავანიავებთ ამ ამაზრზენ მეტალს ერთი ღამის თავაწყვეტილ ღრეობაში; მაგრამ თუ არ მოგვცემენ,ჩვენ იმასაც დაგანახვებთ,როგორ ვიშოვით მას,თუკი ძალიან დაგვჭირდება”. (ავტორი გენია.ჯი)