მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თეატრალურ სამკაულებს მხოლოდ თვალის მოსატყუებლად იყენებენ და უცნაური ის იქნებოდა,რომ ძვირფასი მასალა დაეხარჯათ მათზე.რაღა ეგ სამკაულები და რაღა თვით კომედია: ერთიც მოჩვენებითია და მეორეც.მაგრამ მე მაინც იმ აზრისა ვარ,სანჩო,რომ უნდა გიყვარდეს კომედია და, მაშასადამე,ისინიც,მას რომ თხზავენ და სცენაზე დგამენ,ვინაიდან ესაა ხალხი,რომელსაც უდიდესი სარგებლობა მოაქვს სახელმწიფოსთვის: ისინი ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვალწინ გვიდგამენ სარკეს,რომელშიაც მთელი თავისი ავ-კარგით ირეკლება კაცთა ცხოვრება.კომედიასა და კომედიანტებზე უფრო ნათლად ვერავინ გვიჩვენებს განსხვავებას იდეალსა და რეალობას შორის: რანი უნდა ვიყოთ, და რანი ვართ სინამდვილეში.
მართალი მითხარი: გინახავს თუ არა კომედია,რომელშიაც გამოყვანილნი არიან მეფეები,იმპერატორები,მღვდელმთავრები,მანდილოსნები და სხვანი და სხვანი? ერთი გაიძვერას განასახიერებს,მეორე – თაღლითს,მესამე – ვაჭარს,მეოთხე – ჯარისკაცს,მეხუთე – გაქნილ ხეპრეს,მეექვსე – მიამიტ მიჯნურს და ასე შემდეგ,მაგრამ,როგორც კი წარმოდგენა მთავრდება და თავიანთ ნიღბებს იხსნიან,ყველანი თანასწორნი ხდებიან ერთმანეთს შორის.
- მინახავს, – მიუგო სანჩომ.
- იგივე ხდება იმ კომედიაშიაც, – თქვა დონ კიხოტმა, – რომელიც თამაშდება ჩვენი ცხოვრების სცენაზე,სადაც ერთნი იმპერატორის როლს ასრულებენ,მეორენი – მღვდელმთავრებისას,დანარჩენნი კი ყველა იმ მოქმედი პირისას,კომედიებში რომ არიან გამოყვანილნი.მაგრამ როგორც კი იხსნება კვანძი,ესე იგი,როგორც კი მთვარდება სიცოცხლე,სიკვდილი სათითაოდ ჩამოხსნით იმ ნიღბებს,რომლებითაც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ და საფლავი ყველას ათანასწორებს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სიბრიყვეს ეტყობა უფრო მეტი მსახური და მხლებელი ჰყავს,ვიდრე სიბრძნეს”.
* * *
“მწუხარება ადამიანის თვისებაა და არა ცხოველისა,მაგრამ თუ კაცი უსაშველოდ და უსასოოდ ეძლევა წუხილს,ცხოველს ემსგავსება”.
* * *
“ოჰ,შურო,ათასგვარი უბედურების სათავევ,სიქველისა და სათნოების ულმობლად მღრნელო ჭიავ! ყველა სხვა ბიწი ერთგვარ სიტკბოებას მაინც იმარხავს,სანჩო,მაგრამ შური არაფერსაც არ ინახავს,ზიზღის,სიძულვილისა და სიავის გარდა”.
* * *
” – მე ვამბობ და თქვენს მოწყალებას უკეთ მოეხსენება,რომ ყველანი სიკვდილის შვილნი ვართ, – მიუგო სანჩომ, – დღეს რომ მზეს შევცინით და შევხარით,ხვალ შეიძლება მიწამ გვიყოს პირი; კაცმა არ იცის,ცხვარი გაასწრებს კრავს თუ პირიქით.ამიტომ კაციშვილი ვერ იტყვის,იმაზე დიდხანს ვიცოცხლებო,ღმერთს რომ დაუდგენია მისთვის.სიკვდილი ყრუა და როცა კარზე მოგვიკაკუნებს,სულ მუდამ ჩქარობს,სულ მუდამ ფაციფუცშია; ასე რომ,ვერც ვედრებით მოულბობ გულს და ვერც ძალით მიქაცევ უკან,ვერც სკიპტრა გიხსნის და ვერც მიტრა.მის წინაშე ყველა ერთია,როგორც ამბობენ და გვიქადაგებენ ამბიონიდან”.
* * *
“ვიცი,რომ სიქველის ბილიკი ვიწროა და ძნელად სავალი,ბიწის გზა კი,ფართო და ვრცელი; რომ მათი საბოლოო მიზანი სხვადასხვაა,რადგანაც ბიწის გზა,ფართო და ვრცელი,სიკვდილით მთავრდება,ხოლო სიქველის გზა,ვიწრო და ქანცგამწყვეტი – სიცოცხლით,მაგრამ სასრულით კი არა,არამედ საუკუნო სიცოცხლით,რომელსაც არა აქვს დასასრული”.
* * *
“ცხონებული პაპაჩემი იტყოდა ხოლმე: ბედნიერება რომ ჩამოგიქროლებს,თუ ქეჩოში ვერ სტაცე ხელი,რაღას ჩივი,გამიფრინდაო?”
* * *
“თვით ჩემი ბატონისგან გამიგონია: სიმამაცე ორ უკიდურებას – სიმხდალესა და სიშლეგეს შორის ძევსო; და თუ ასეა,ჩემის აზრით,თანაბრად საძრახისია ისიც,რომ შემნზე უფრო სუსტ მტერს გაექცე, და ისიც,რომ შენზე ძლიერს დაეცე თავს”.
* * *
“ყოველი კაცი სხვისი კი არა,მხოლოდ ღვთის იმედით უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყნად”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველამ თავის თავს მოუაროს და სხვის საქმეში ნუ ეჩრება.ვისა აქვს უფლება,რომ თეთრს შავი დაარქვას და შავს კი – თეთრი? ვინაიდან ყოველი ჩვენგანი ისეთია,როგორიც ღმერთმა გააჩინა, და ზოგჯერ იქნებ უფრო უარესიც”.
* * *
“რაც უფრო დიდი სახელი აქვს ავტორს,მით უფრო გულმოდგინედ იქექებიან მის ქმნილებებში.თავისი ნიჭით სახელგანთქმულ ხალხს,დიდ პოეტებსა თუ საყოველთაო პატივისცემით გარემოსილ ისტორიკოსებს,თითქმის ყოველთვის შურის თვალით უყურებენ ისინი,ვისაც განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს სხვისი ქმნილებების გაკილვა და განქიქება,თუმცაღა თვითონ არაფრის მაქნისნი არიან”.
* * *
“მახვილგონივრული ხუმრობისა და ლაღი სიცილის უნარი მხოლოდ ზეგარდმო ნიჭით ცხებულთა ხვედრია.კომედიის გმირებს შორის ყველაზე ჭკვიანი მასხარაა,მაგრამ ვინც მის როლს ასრულებს,თვითონვე როდი უნდა იყოს ტაკიმასხარა.ისტორია თავისი არსით რაღაც ნწმიდათაწმიდაა,რადგანაც იგი მართალი უნდა იყოს,ხოლო სადაც სიმართლეა,იქვეა ღმერთიც,ვინაიდან ღმერთი არის სიმართლე”.
* * *
“თუ კუნძულის გუბერნატორად ახლა არ ვუქნივარ ღმერთს,მათუსალას ხნისაც რომ მოვიყარო,არც მაშინ ვივარგებ.უბედურება ის კი არაა,რომ კუნძულის მართვის თავი არა მაქვს,არამედ ის,რომ თვით ეს ოხერი კუნძული არსადა ჩანს”.
* * *
“როგორც კი სათნოება სრულქმნილების ზღვარს მიაღწევს,მაშინვე გამოუჩნდებიან მგმობელნი და მაგინებელნი”.
* * *
“ჩვენი უბედურების უმთავრესი მიზეზი ისაა,რომ სტომაქი ცარიელი გვაქვს,თავი კი – ჰაერით გამოტენილი”. (ავტორი გენია.ჯი)