გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “დიდი ღამე”
“ყველა მტარვალის ბოლო ერთნაირია,მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ სტოვებთ ნებისყოფა,წინანდელზე მეტი დაჟინებითა და ღონისმოკრეფით აგრძელებენ ბრძოლას,რომელსაც უკვე აზრი აღარ აქვს და ძველებური რწმენით აკეთებენ საქმეს,რომელიც უკვე წაგებულია.
ისინი ინერციით,,უკანმოუხედავად ისწრაფიან წინ და ვერ გრძნობენ,რომ უფსკრულს უახლოვდებიან.
უფსკრულისაკენ ამ თავბრუდამხვევ ქროლვაში ბრმად უკან მიმყოლთა რიგები თანდათან თხელდება,ღალატი და განდგომა ხშირდება.მკაცრი მბრძანებლები მოღალატეებსა და რწმენაშერყეულებს სასტიკად უსწორდებიან,უყოყმანოდ იშორებენ და თითქმის უცნობი,ახალი ადამიანებით ცდილობენ სიცარიელის შევსებას.
ყველაზე გვიან მბრძანებელს ის უახლოესი თანამებრძოლები სტოვებენ,რომლებთანაც ერთად თითქმის მთელი სიცოცხლე გაუტარებია,გამარჯვებისა და მარცხის სიხარული და ჯავრი გაუყვია და რომელთაც ზედ უფსკრულის წინ ახელიათ თვალი.
ასეთი თანამებრძოლების განდგომა იმის მომასწავებელია,რომ საქმე,რომლის გამარჯვებისთვისაც ერთად უბრძოლიათ,დაღუპულია,მაგრამ ნებისყოფაგაუტეხელი მტარვალები ღალატის მიზეზს ვერ უფიქრდებიან,გახელებულები შექმნილი მდგომარეობის ცივად განსჯას ვერ ახერხებენ და სულის სიღრმემდე აღშფოთებულნი ანგარიშმიუცემელ სისასტიკეს იჩენენ,არაადამიანურად უსწორდებიან მას,ვისაც არაერთხელ დაუმტკიცებია ერთგულება საკუთარი თავგანწირვით”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყოველი კაცი,რომელიც თავის სახლში დაამყარებს წესრიგს და თავის ოჯახს მოუვლის კარგად,დიდ სამფლობელოშიც შესძლებს წესრიგის დამყარებას და ქვეყანას კარგად მოუვლის; ყოველი კაცი,რომელიც ათ კაცს ჯეროვნად დარაზმავს ბრძოლისთვის,ღირსია იმისა,რომ ათასს ან ათი ათას კაცს უძღოდეს: იგი ისევე კარგად დარაზმავს ბრძოლისათვის ათი ათასსაც,როგორც ათ კაცს”.
* * *
“ვაჟკაცის სიკეთე ცოლის სიკეთით იზომება.თუ ცოლი უჭკუოა და სულელი,გარყვნილია და უწესო,ეს ქმრის ბრალია და მისი ვაჟკაცობაც ამით გამოიცნობა… ხალხს,რომლის შვილები მამის დარიგებას არ მისდევენ,უმცროსი ძმები უფროსებს არ უსმნენ,ქმარი ცოლს არ ენდობა,ცოლი ქმრის სიტყვას არ ემორჩილება,დიდი პატარას არ იცავს და პატარა დიდს არ უჯერებს,დიდებულები ქვეყნის სიკეთით სარგებლობენ და ქვეყანას კი არაფრით ამდიდრებენ,ადათებსა და კანონებს არ იცავენ,გონიერებასა და გარემოებას ანგარიშს არ უწევენ,ასეთ ხალხს ქურდები,მექრთამეები და თაღლითები დაუბნელებენ მზეს”.
* * *
“კარგი და უზრუნველი ცხოვრება ერის ღონეს შინაგანად ასუსტებს,წინააღმდეგობის გაწევის უნარს უდუნებს და უჩლუნგებს.საქმე მარტო მეფე როდია,ჩემო თურმან,მეფეები რომ განცხრომასა და ნებივრობას ეძლევიან,მთავრებიც მათ ბაძავენ,ისინიც უზრუნველ ცხოვრებას იწყებენ და ქვეყნის წინაშე თავიანთ ვალს ივიწყებენ.მეფესა და მთავრებს სხვა დიდებულები,დიდი და წვრილი აზნაურები ბაძავენ და სათავეში ამღვრეული მდინარე ბოლომდე მღვრიედ მიედინება”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ძლიერისა და სულ მუდამ გამარჯვებულისა შეუძლებელიც სჯერათ,უღონოსა და მუდამ დამარცხებულს შესაძლებელსაც აღარ უჯერებენ”.
* * *
“ერის ცხოვრებას განმეორებანი არ უყვარს და გამონაკლისების იმედით ქვეყანა არსად აშენებულა”.
* * *
“კაცი კაცს იმორჩილებს,ცხოველი – ცხოველსა და ფრინველი – ფრინველს.ხე რომ ხეა,ისიც თავის ახლო-მახლო სხვა ხეს არ ახარებს,ჩაგრავს და ზრდას უშლის; კაცი კაცს ჩაგრავს და ერი – ერს.მე რომ ვუკვირდები,ადამიანთა ურთიერთობა,საბოლოოდ მაინც,უკეთ ცხოვრებისათვის ბრძოლაა; ეს დედამიწა ყველას არ ჰყოფნის კარგი ცხოვრებისათვის და ამიტომ მტრობს ერთი კაცი მეორეს.ამ მტრობასა და ბრძლოაში უძლიერესი იმარჯვებს,ხოლო სუსტი და უღონო მარცხდება და ეცემა”.
* * *
“როცა განგება რომელიმე ხალხს გასწირავს,მას მეთაურად სწორედ გაუბედავსა და უნებისყოფო გვირგვინოსანს მოუვლენს”.
* * *
” – ბედის ტრიალი აგრეა,მგოსანო! მისი ჩარხი ზოგისთვის წაღმა ბრუნავს და ზოგისთვის – უკუღმა.ისიც უნდა გახსოვდეს,რომ ეს ჩარხი სულ ერთი მიმართულებით არავისთვის არ ტრიალებს.გუშინ რომ წაღმა ბრუნავდა, და მის შემყურეს თავი უბედნიერესი ეგონა,დღეს ჩარხი უკუღმა დაუტრიალებია და მისი მინდობილი ენით უთქმელ განსაცდელში ვარდება.ქვეყანა დღესდღეობით ისე მოწყობილი,რომ ყველა ერთნაირად ბედნიერი არასოდეს არ არი და არც იქნება,ერთის ბედნიერება მეორის უბედურებას იწვევს და გულისხმობს,ერთი ერის ბედნიერება მეორის უბედურებას ნიშნავს და ერთა შორის მტრობასაც ისევე არა აქვს დასასრული,როგორც ცალკეულ ადამიანთა შორის შუღლსა და მოსისხლეობას”.
* * *
“რა საცოდავები არიან ეს დიდებისმოყვარული ადამიანები! როგორ ხარბად ეწაფებიან წამიერსა და წარმავალს ამ წუთისოფელში და წინ ან უკან ერთხელაც არ იხედებიან.წინ კი არარაობა,ხოლო უკან,მათ კვალზე,სიკვდილი მოდის,გარდუვალი და უძლეველი სიკვდილი,რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოსაჩვენარ დიდებასა და ბრწყინვალებას ანგრევს და ანადგურებს.როგორ არ იციან ბედშავებმა,რომ ამქვეყნად დროებითა ვართ და სიცოცხლის ამ ერთი წუთის დაკარგვა უნაყოფო ზრუნვისა და ფუსფუსისათვის სიგიჟეა და მეტი არაფერი!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ჩვენი მცხეთის ჯვარი სათამაშოსა ჰგავს აია სოფიის ტაძართან შედარებით,მაგრამ მისი ერთი შეხედვა სულ მავიწყებს ყველა ქვეყნის უდიდეს ტაძრებსა და სალოცავებს”. (ავტორი გენია.ჯი)