მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „ჯაყოს ხიზნები”
„ – კაცობრიობა! კაცობრიობა! – წამოიძახა თეიმურაზმა. – ისე ახირებულხარ, თითქო კაცობრიობა მართლა არსებობდეს! ერთი ამბავი მაგ…გონდება. ოციოდე წლის წინათ გენერალმა ალიხანოვმა გურია დაანგრია და გადაჰბუგა. იმავ ხანებში საფრანგეთში ერთი მაღარო ჩამოინგრა და ასიოდე კაცი გასჭყლიტა. გორელებმა წარმოდგენა გამართეს და ორმოციოდე თუმანი იმ მუშების ქ…ქქვრივ-ობლებს გაუგზავნეს. გორელებს ვკითხე, გურულებს რამდენი გაუგზავნეთ მეთქი? არაფერიო. გურულებსაც ვკითხე, ფრანგებმა რა დახმარება მოგცეს მეთქი? არაფერიო. იმ ფრანგებსაც რომ ჰკითხო, ჩვენი წვლილი რომ მიუვიდათ, ს…საქართველო სად არისო, ან სამხრეთ აფრიკას დაატაკებენ თითს, ან კიდევ რომელიმე ტროპიკულ კუნძულს!.. არა, ჩემო ივანე, კაცობრიობა და ჩვენ ერთმანეთის ნათესავები არა ვართ. მილიარდერს მორგანს, ან გენიოსს ედისონს ასი-ორასი მილიონი კაცი იცნობს, ისინი კი ათასსაც არ იცნობენ. ასე ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენც – ქართველები და კაცობრიობა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქართველ ერსა და კულტურაზე ვლაპარაკობდით. – გაახსენა ბაასის სათავე თეიმურაზმა. – საიდან და როგორ უნდა შექმნილიყო ერთიანი ქართველი ერი და კულტურა?! ორი ათასი წელიწადი მაინც იქნება, რაც ამერეთ-იმერეთი ერთ ნაჭერ მიწაზე ვცხოვრობთ. ერთად კი,ერთიან სახელმწიფოებრივ და ეროვნულ შენობაში ორასი წელიწადიც არ გვიცხოვრნია. ერთმანეთს ჭირიანებივით გავურბოდით და ისე ვერიდებოდით, თითქო სხვადასხვა ტომისა და სისხლისანი ვყოფილიყავით. მუდმივ ცალ-ცალკე ვიღუპებოდით და ცალ-ცალკე ვშენდებოდით. საქართველო ყოველთვის ორპირი ან სამპირი იყო. ერთი რომ აღმოსავლეთისკენ ჰქონდა მოღრეცილი, მეორე დასავლეთისკენ იხედებოდა, მესამე კი ან სამხრეთისკენ ჰქონდა მიბრუნებული, ან ჩრდილოეთისკენ. ეროვნული ნებისყოფაც და ენერგიაც ასე დაიფანტა”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჰო, შრომა, ისევ შრომა და შრომა! შრომა ახალი დროის ახალი სარწმუნოებაა, ახალი რელიგია, ქრისტიანობაზე უფრო მძლავრი, უფრო საჭირო და სასარგებლო. ვინც ეს გაიგო და მას ხორცი შეასხა, გამარჯვებულია, ვინც ვერ მოერია, – დაღუპულია. ჩვენთვის კი შრომა მხოლოდ უუმძიმესი ტვირთია, ღვთის წყევლაა. აი, თურმე სად ყოფილა ჩამარხული ძ…ძაღლის თავი! აი, თურმე რა გვკლებია. – შრომა და ნების-ყო-ფა, ესე იგი კულტურა! ჩვენს მამა-პაპებსაც სძულდათ ფულიანი ხალხი. მეცხრამეტე საუკუნის მწერლობაც ასეთი ზიზღით და შხამით არის სავსე. გაიხსენე, როგორ გაამასხარეს ვაჭარი გიორგი ერისთავმა, ცაგარელმა, ანტონოვმა და სხვა მწერალმა. გინდა გაიგო ღრმა მიზეზი ასეთი სიძულვილისა? ინებე: ადამიანს სძულს ყოველივე, რაც არ ეხერხება და არ ძალუძს ,ესე იგი, მას ეზიზღება საკუთარი თავის უძლურება, უმწეობა და ჩამორჩენა! მორჩა და გათავდა!” (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბედის წინაშე მორჩილება დიდი ძალა ყოფილა, თეიმურაზ. მორჩილებას ათასი ხალხი გადაურჩენია. ბედთან ჭიდილი და ურჩობა სახიფათოა. ვინც მას შეეგუა, გადარჩა, ვინც არა – დაიღუპა. ვეფხი და კატა ერთის ჯიშისანი არიან, აგრეთვე ძაღლი და მგელიც. ვეფხი და მგელი თითქმის ამოწყდნენ. ძაღლისა და კატის ჯიში კი გამრავლდა და გაძლიერდა”. (ავტორი გენია.ჯი)