გრიგოლ აბაშიძის რომანიდან – “ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება”
” – ადამიანის ბევრი უგუნურება ხშირად ბრალდება ღმერთს, – განმარტა სარგისმა, – და იქნებ მართალი ახსნაც არის,რადგან ღვთის უნებურად არც რამ კეთილი ხდება ამქვეყნად და არც რამ ბოროტი,რაკი სარწმუნოება იმას გვიქადაგებს,რომ მიზეზთა მიზეზი და დასაბამთა დასაბამი ღმერთია,ჩვენც,სასოწარკვეთილების ჟამს,ყველა უბედურებისთვის ღმერთსა ვთხოვთ პასუხს.ყოველგვარი უსამართლობა ჭეშმარიტ მორწმუნეს ჩვენ მიერვე ჩადენილ ცოდვათათვის მოვლენილ რისხვად ესახება და ეს გონივრული განსჯა არის,მაგრამ საკმაოა ღვთის რისხვა დაუმსახურებლად დაატყდეს მართალსა და უცოდველ ადამიანს,რომ ჩვენი გონება ჩიხში მოექცეს,მიზეზისა და შედეგის კავშირი ვერ იპოვოს და წონასწორობადაკარგულებმა ღმერთი ვგმოთ,უარვყოთ ის,რაც თვითონვე არის ნუგეში და გამართლება ყველა განსაცდელისა და უბედურების.ჩვენ ახლა ოცდაათი ათასი უცოდველი ყრმის – ეტიენის ჯვაროსნების უსამართლო დაღუპვა გვაშფოთებს,მაგრამ განა თუნდაც ერთი უმანკო ბალღის სიკვდილი საერთოდ სამართლიანია? აი,ახლა ჩვენ რომ აქ ვსხედვართ და ღვინოს შევექცევით,ამ წუთს,რამდენი უცოდველი ბავშვი კვდება დედამიწის ზურგზე – უსამართლოდ და მიზეზის აუხსნელად.მერე ვინ არი ამ უსამართლობისთვის პასუხისმგებელი? ან რა პასუხის მოთხოვნა შეგვიძლია ჩვენ,უბრალო მოკვდავთ,მისგან,ვინც თვითონს არის უკვდავი,ჩვენთვის უხილავი და გონებით მიუწვდომელი”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ომში დამარცხებასა და მტრისგან დაპყრობას ერის სულიერი დაცემა და გახრწნა უშუალოდ მაშინვე როდი მოსდევს ხოლმე.
თავისუფალი ცხოვრების გრძელ გზაზე გამომუშავებული ხასიათის მაღალი თვისებები,თაობიდან რომ თაობებს გადაეცემოდა,არათუ ქრება ერის ძლიერების დამხობისთანავე,არამედ,პირიქით,სწორედ მტრისაგან დაპყრობის პირველ ხანებში ვლინდება უფრო მძაფრად და მკაფიოდ და ერთგვარად აყოვნებს ხალხის საყოველთაო დაცემასა და გათახსირებას”.
* * *
“მოყვასისათვის თავგანწირვის მაგალითი ყოველთვის იყო კეთილშობილების უმაღლესი გამოხატულება და მარადისობის კუთვნილებად რჩებოდა მუდამ”. (ავტორი გენია.ჯი)