ჯემალ ხოფერიას რომანიდან – “ვტყუივარ შენთან”
” – არა, მაინც რანაირი, რა უცნაური ვართ ადამიანები: თითქოსდა დიდად გულახდილნი ვართ, თუ არა ვართ, ხომ ვცდილობთ რომ ვიყვეთ ასეთნი? თითქოსდა მისხალსაც აღარაფერს ვიტოვებთ გულში, თითქოსდა ყველაფრისაგან ვიწმინდებით და ვთავისუფლდებით, თითქოს არავითარ ხინჯსა და ცუდს აღარ ვიტოვებთ გულში, ძალიან გვინდა ვიყოთ კეთილნი, სათნონი, იობივით მომთმენი და ყველაფრის ამტანი.მაგრამ,მიუხედავად ამისა,ჩვენი ასეთი ცდილობისა და მონდომებისა,ჩვენში მაინც რჩება რაღაც,თითქოსდა ძალიან მცირე,ცოტა,უმნიშვნელო,მაგრამ ზოგჯერ თურმე ეს მცირე და მისხალიც კი იმდენად დიდია,იმდენად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი რომ,ძალიან ვიბნევით,გვიკვირს,ვეღარაფერი გაგვიგია ვეღარც საკუთარი თავის და საბოლოო ჯამში აღარც კი ვიცით მაინც რანი ვართ,ვინ ვართ,რანაირები ვართ,რას წარმოვადგენთ საერთოდ,კარგები ვართ თუ ცუდები,დადებითები თუ უარყოფითები… (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში აღარც საკუთარი თავის შეფასება შეგვიძლია და აღარც სხვისი. და ვართ ასე ეჭვის,გაურკვევლობის,კითხვის ნიშნის,ორ პოლუსს შორის მოქცეული – დადებითსა და უარყოფითს შორის ვიხრებით და არც იქეთა ვართ და აღარც აქეთ.საბოლოოდ მაინც აღარავის შეუძლია ალბათ გარკვეულად,მტკიცედ და შეუვალად რომ თქვას რანი ვართ,როგორები ვართ,კარგები თუ ცუდები,კეთილი თუ ბოროტი,ანგარებიანი თუ უანგარო,ჩვენს არსებობას,ჩვენს ყოველ ქცევასა და მოქმედებას სხვა,რაღაც გამოუცნობი და ზებუნებრივი ძალა განსაზღვრავს თითქოს და ჩვენ კიდევ ასეთი უმწეონი და საცოვავნი ვართ,საკუთარი თავის მოვლა-პატრონობა აღარ შეგვიძლია,არ შეგვიძლია ჩვენვე განვსაზღვროთ და დავაკონკრეტოთ ჩვენი მოქმედება; მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია იმდენად,რამდენადაც ადამიანი ასეთია საერთოდ – ასეთი ჯიშის,ასეთი ჯილაგისა და ასეთი ხასიათის,ასეთია მისი მოდგმა – იგი არ შეიძლება იყოს ცალმხრივი.მისი მოქმედება – სწორხაზოვანი და ყოველთვის დაკონკრეტებულ-განსაზღვრულია.ადამიანი არ შეიძლება იყოს ყოველმხრივ იდეალური და ყოვლად წამხდარი,ცხოველამდე დასული.ადამიანში სხვადასხვა დოზითაა განზავებული უარყოფითიც და დადებითიც,კარგიცა და ცუდიც,ადამიანში ყველაფერია და ამიტომაცაა იგი ადამიანი,ამიტომაც ქვია მას ადამიანი.არა,მაინც რანაირები,რა უცნაურები ვართ,როგორ გვწადია ხანდახან გულახდილნი ვიყვეთ,ყველაფერს ვამბობთ თითქოს და აღარაფერს ვიტოვებთ სათქმელს,მაგრამ გაიხედავ და თურმე მაინც გვრჩება რაღაც სათქმელი,მოსაყოლი და საამბობი; თურმე ვეღარ ვბედავთ,ვეღარ ვახერხებთ იმ დარჩენილი სათქმელის თქმას,რაღაც გვაფერხებს,რაღაც გვბოჭავს,რაღაც გვიშლის ხელს და რჩება ასე ის სათქმელი უთქმელი,გულის კუნჭულში მიმალული და, ამდენად,რაღა გამოდის თურმე? თუკი ყველაფრის თქმის უნარი აღარ გაგვაჩნია,თუკი ყველაფრის გამხელა აღარ შეგვძლებია და ბოლომდე არასოდეს არ ვამბობთ ჩვენივე სათქმელს,მაშინ აღარ ვყოფილვართ ბოლომდე უანგარონი და გულახდილნი.მაშინ ხომ მოჩვენებითი ყოფილა ეს ჩვენი ეგრეთწოდებული გულახდილობაც! გამაგებინა მაინც ერთი – ნუთუ სრულიად უანგაროდ,ბოლომდე უანგაროდ აღარაფერი კეთდება ამ ძახითი და კითხვითი ნიშნებით ავსებულ ქვეყანაზე? თუ არაა ეს ასე და მე მეჩვენება მხოლოდ,რომ ეს ასეა და სხვანაირად არაა? თუკი ეს მარტო ჩემი ვარაუდია და არა საერთოა,ერთობლივია და ჯერაც გადაუწყვეტელი,მაშინ ხომ არაფერი შეცვლის ამას და მაშინ რაღამ,რა ციურმა თუ მიწიერმა ძალებმა უშველონ ადამიანს,რომ დაიხსნას იგი ამ უსაშველო დილემისაგან? ჰმ! მაინც რა რთული,რა მრავალმხრივი გასაგებ-ამოსაცნობი ვართ ეს ადამიანები; (ავტორი გენია.ჯი) გაუგებარია,გამოუცნობი და ამოუხსნელი ზრახვანი,ფიქრი და მოქმედება ჩვენი.მაინც საიდან,როგორ,რა გზით მოდის ამდენხანს დასაბამი ადამიანთა მოდგმისა? არსაიდან,არარსებულიდან გავჩნდით თითქოს,მოვედით,მოვევლინეთ ამ ქვეყანას… ვჩნდებით,ვევლინებით ამ ცოდვა-მადლგანურჩეველ,ტკბილმწარე,წამიერ ქვეყანას,თვალებს ვახელთ,ნელ-ნელა და თანდათანობით აღვიქვამთ,ვეჩვევით,ვეგუებით,გვიკვირს ბევრი რამ,ვერაფერი გაგვიგია.ვეცნობით,ვუკვირდებით სამყაროს,მაგრამ მაინც ვერაფერს ვუგებთ.მთელი ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ვეღარ ვახერხებთ ამას და მივდივართ ისევ უვიცნი,ვერაფრის გამგებნი და დამდგენი.მივდივართ და ამ ვერ ჩაწვდომის,ვერ გაგების გამო აზრი და მიზანი ეკარგება თითქოს ამ ქვეყანაზე ჩვენს გაჩენას,მოვლინებას საერთოდ… ვჩნდებით,ვცხოვრობთ,ვიტანჯებით,განვიცდით,რაღაც გვაკლია მუდამ,ყოველთვის გვაწუხებს რაღაც და ფიქრიდან ვეღარ დაგვიხსნია თავი,ყოველთვის გვრჩება რაღაც კითხვაზე პასუხი გასაცემი,ყოველთვის რაღაცა გვაქვს ასახსნელ-გადასაწყვეტი,გვიყვარს და გვძულს,გვეზიზღება და ვაღმერთებთ,სიახლოვეც გვსურს და განმარტოებაც,თავისუფლებაცა და სხვის დაკრულ დუდუკზე ცეკვაც,ყოველთვის ვიღაცაზე ვართ დამოკიდებულნი და თავისუფლება ვეღარ მოგვიპოვებია.ძალიან ხშირად ისიც არ ვიცით რა გვინდა,რისკენ მივილტვით,მოკლედ,ერთადერთი სულდგმულნი ვართ ამ ძირძველი სამყაროსი,ყველაფერი რომ შეგვიძლია, და ზოგჯერ კიდევ ყოველ სულდგმულზე სუსტებიცა ვართ.როგორც კი აზროვნებას ვიწყებთ,იქედან მოყოლებული სიკვდილამდე,მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე,ვიცით,რომ საბოლოოდ ყველანი უნდა მოვკვდეთ,წავიდეთ,გავშორდეთ ამ ქვეყანას და მივებაროთ ჩვენი მარადიული განსასვენებლის ადგილს – მიწას.მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვწუხვართ ამის გამო,სიკვდილის,გარდაუვალობისა გვეშინია და ყველანაირად ვცდილობთ როგორმე,რაც შეიძლება გავიხანგრძლივოთ ეს ნასესხები,ნათხოვარი სიცოცხლე…
ადამიანი რომ კვდება,გვეცოდება და ვტირით,გვენანება,ზაფრა გვიპყრობს და კიდევ ერთხელ მძაფრად გვახსენებს,რომ ჩვენი ჯერიც დადგება.ეს მაშინ,როდესაც პირიქით კი უნდა იყოს – უნდა გვიხაროდეს ადამიანი,რომ მიდის,რამეთუ ზოგჯერ სიკვდილი მადლია,დიდი შეღავათია,დიდი მარადიული დასვენებაა.სიკვდილის გარდა თითქმის ყველაფერს ვეგუებით,თვით უდიდეს ბოროტებასა და დანაშაულსაც კი.ვცდილობთ და ვახერხებთ კიდეც ამ ცდილობით,რათა თითქმის ყველაფერს ვუპოვოთ გამართლება ჩვენს მოქმედებაში,ჩვენს საქციელში.განსაკუთრებით ეს მაშინაა,როცა სინდისის ქენჯნა გვიპყრობს და ძალიან გვინდა საკუთარი თავის გამართლებით,ჩვენვე,დიდსულოვნად ვიპატიოთ ჩვენივე დანაშაული. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ კი,როცა ეს ჩვენ არ შეგვეხება,როცა ჩვენ არ გვტკივა და არ გვაწუხებს,ვცდილობთ როგორმე თვალი დავხუჭოთ,დავყრუვდეთ,არ გავიგოთ და არ დავინახოთ,არ აღვიქვათ და არ გავერკვეთ,არ მივეშველოთ და ჩვენივე ნაჭუჭში ჩავიკეტოთ,თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს.ხშირად უდარდელნი ვართ,არაფერი გვანაღვლებს,აღარაფერზე ვწუხვართ,არაფერი მიგვაქვს გულთან ახლოს და ძალიან უბრალოდ,მარტივად,აუღელვებლად და თავისუფლად ვცხოვრობთ.მერე კი,როცა იქნება და მოვჭამთ ამ ჩვენს წილხვდომილ წუთისოფელს და ის-ისაა ბარგის ასაკრეფად უნდა მოვემზადოთ,როცა მოვალესავით მოგვადგება სიკვდილი კარზე,მხოლოდ მაშინ ვცდილობთ წამიერად გადავხედოთ ამ ჩვენს მიერ განვლილ გზას,რომელმაც ადიდებულ მდინარესავით ჩაგვიარა გვერდით.ამ ჩვენს რთულ და უცნაურ ხასიათში სწორედ ისაა გასაკვირი,მხოლოდ მაშინ რომ გვიპყრობს სინანული და მაშინ რომ გვწყდება გული,როცა არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია.მოვკვდებით და ყველაფერი თან მიგვყვება – კარგი თუ ცუდი,ცოდვა თუ მადლი… ნუთუ სიკვდილის შემდეგ აღარაფერი,სრულიად არაფერი დარჩება ჩვენგან მიწის გარდა? ნუთუ საუკუნო მდუმარება და მარადიული დავიწყებაა ხვედრი ადამიანთა მოდგმისა? მაგრამ არა,არამგონია ასე ერთბაშად,ასე პირწმინდად,ასე უსახელოდ გავქრეთ,აღვიგვათ და რაიმე კვალი მაინც არ დარჩეს ჩვენგან – კვალი კეთილი,მოსაგონებელი და დაუვიწყარი! არა,ეს ასე რომ იყოს,ასე რომ გვწამდეს და გვჯეროდეს,მაშინ აბა რაღა აზრი ექნებოდა ჩვენს გაჩენას ამ ჭირვეულ და გაუტანელ წუთისოფელში?” – (ავტორი გენია.ჯი)