ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„არის სიცოცხლე, არის სიკვდილი. სიცოცხლე – კარგი, სიკვდილი – ცუდი. ვუგალობოთ სიცოცხლეს”. - (ძალიან უბრალო სიმღერა)
* * *
„აი, ახლა, აი აქ გეკითხებით, როგორც ადამიანი, ადამიანს, კაცი კაცს, ნუთუ ეგრე ხართ მოწყვეტილი ცხოვრებას, რომ არ იცით, სულ არ იცით, სად რა ხდება და როგორ ხდება? ნუთუ არ იცით, რომ ფულიანი ძიები, თქვენ რომ გპარავენ, მე რომ მპარავენ, ყველას რომ პარავენ, ათასნაირ რეპეტიტორებს ახვევენ თავიანთ შვილებს და ფულიდან გასული ცოდნით ჭყიპავენ პირველი კლასიდან უმაღლესში მოწყობამდე. თქვენი მტკიცე ობიექტურობით ხომ იმ ფულიანი ბიძების დასაცავად კრავთ ჯაჭვივით მაგარ წრეს და ჩემისთანა კაცს, აი, ჩემნაირ ხელებიან კაცს, – გამოშალა ხმელ-ხმელი, შავი, დიდი, ძლიერი ხელები, – აემნაირ ხელებიან კაცს არ აჭაჭანებთ იმ ჯაჭვის შიგნით. თქვენ ხომ მაყუთბაზების მხარეზე ხართ, თქვენი ობიექტურობით, ნუთუ არ იცით ეს?!” – (არაგვი წმინდა წყალია)
* * *
„ვინც რა უნდა ისა თქვას და მე კი ასე მეჩვენება: უამრავ ხლართებად რომ ხატავენ ადამიანებს თანამედროვე მოდერნისტი მხატვრები, ძალიან მართლები არიან, საშინლად მართლები!” – (არაგვი წმინდა წყალია) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – უნდა გათხოვდე, ბებო. შენ ჭკვიანი გოგო ხარ და უნდა გათხოვდე დროზე და კარგად. არ აყვე ვიღაცების სისულელეებს. კაცისა, ბებია, ფეხით შემოტანილი ტალახიც კი ძვირფასია ოჯახისათვის”. - (არაგვი წმინდა წყალია)
* * *
„ო, რა კარგები არიან ჩვენი ლამაზი მოხუცი ქალები. ახალგაზრდობაში რომ კაპასები იყვნენ, ძალიან კაპასებიც, მოხუცებულობაში ტკბებიან კენწეროს ბლებივით”. - (არაგვი წმინდა წყალია)
* * *
„დიდი კაცები დიდ საფიქრალს მოგვახვევენ ხოლმე თავზე. ერთი ხელის მოსმით ვერ მოიცილებ ამ საფიქრალს, წვერი უნდა უპოვო ნაქსოვს, მერე იჯდე და ეწიო შენსკენ იმ ძაფს”. – (სამაგიდო რვეულიდან)
* * *
„ჩვენი დამდნარი მარადიული დედა, ჩვენთვის თავდადებული მარადიული და, ჩვენი მარადიული სიყვარული. ეგ აკოწიწებს თავისი მთრთოლვარე თითებით ავკაცობისაგან დასანგრევად განწირულ ქვეყანას”. – (დედაო,დაო,სიყვარულო)
* * *
„ – ნუ გწყინს, შენ დღეს მარტო შენი თავისა ხარ. ფუფუნებაში გაზრდილს, – მე ეგეც ვიცი, მდაბიოებს არასოდეს მოუვათ ეგეთი რამეები თავში, – აგიხირებია შლეგურად – სულისა და ხორცის განწმენდა, სულისა და ხორცის გამოწრთობა… რაღაც ვერ შესძელი ერთხელ, ჯერ ისევ ბავშვმა, ვერ გააკეთე, როგორც შენ გინდოდა, და თავს იკლავ მას შემდეგ, სახიობობ, ყველაფრის ატანას სწავლობ. მაგრამ ვიღას სჭირდება ასეთი რამეები ჩვენს დროში?!
- მე და ჩემს ღმერთს. – ცივად თქვა განდეგილმა.
- რომელ ღმერთს? აი, იმას? – ქოსამ გარეთ გაიშვირა ხელი, – გაჭირვებულ, გაუბედურებულ ქვეყანას რომ კიდევ ეს სეტყვა მოუვლინა და დარეგვა, დალეწა ყველაფერი? ზამთარი რომ მოიყვანა ამ შუა მაისში?
- შენ მოგივლინა უფალმა ეგ სეტყვა.
- რომელმა უფალმა? შენ იცი, რომ მე ორი უფალი მყავს და მეტად მშვენივრად ვგრძნობ თავს?! შენ იცი, რომ იესოც ჩემია და მუჰამედიც? მე იმქვეყნიური სასუფეველიც განაღდებული მაქვს. თუ კი იესოსთან მომიწევს მისვლა განსაკითხავად, ამაყად ავწევ თავს და ვუჩვენებ მირონცხებულ შუბლს, ხოლო თუ მუჰამედთან, გავილაჯები და დავანახვებ, რისი დანახვაც მას სურს. იესომ თუ მომივლინა სეტყვა, მუჰამედი სად იყო. თუ იესომ აჯობა მუჰამედს? ამისთვის აჯობა, რომ ათიათასობით უდანაშაულოსათვის, უცოდველისათვის წაერთმია წვალებით მოპოვებული ლუკმა?!
განდეგილს თითქოს აღარ ესმოდა ქოსა კაცისა”. – (განდეგილი) – (ავტორი გენია.ჯი)