მიგელ დე სერვანტეს საავედრას რომანიდან – “დონ კიხოტი”
“თუ გინდა იმ ხალხის გული მოინადირო,ვისი ბედ-იღბალიც შენ გაბარია,სხვათა შორის,ორი რამ უნდა გახსოვდეს: ჯერ ერთი,ყველას მიმართ ალერსიანი უნდა იყო და მეორეც,ეცადე,მაგ შენს კუნძულზე სურსათ-სანოვაგე ბლომად იქონიო,რადგან არაფერი ისე სასტიკად არ ამქისებს და ამძვინვარებს ღატაკთა გულს,როგორც შიმშილი და სიძვირე.კანონების თხზვას ნუ გადაჰყვები,მაგრამ თუ მაინც გამოსცემ და გამოაქვეყნებ,ეცადე,ყოველი კანონი საქმიანი იყოს და, რაც მთავარია,თვალყური ადევნე იმას,რომ ხალხი განუხრელად იცავდეს და ასრულებდეს,რადგანაც კანონის შეუსრულებლობას იქნებ ის სჯობდეს,სულაც არ გამოგექვეყნებინა იგი.კანონის შეუსრულებლობა იმასა მოწმობს,რომ თუმცა მთავარს ჭკუაც ეყო და სათანადო ძალაუფლებაც კანონის გამოსაცემად,მაგრამ საიმისო ძალა კი აღარ აღმოაჩნდა,რომ მისი შესრულება სავალდებულო გაეხადა.ხოლო კანონი,რომელიც მარტოოდენ შიშსა ჰგვრის ხალხს,მაგრამ შესრულებით კი არ სრულდება,ბაყაყების მეფედ მოვლენილ იმ ჯირკსა ჰგავს,თავდაპირველად თავზარი რომ დასცა ჭაობის ბინადართ,მაგრამ სულ მალე მათი დაცინვის საგნად იქცა.
ყოველგვარი სიქველისა და სათნოების მიმართ მზრუნველი მამა იყავი,ბიწიერების მიმართ კი – უწყალო მამინაცვალი.ნურც მუდამ სასტიკი იქნები და ნურც ნიადაგ მოწყალე,არამედ ამოირჩიე რაღაც საშუალო ამ ორ უკიდურესობას შორის,რადგანაც სწორედ საშუალო გზის არჩევაა უზენაესი სიბრძნე.ხშირ-ხშირად მოინახულე საპყრობილეები,საყასბოები და ბაზრები,რადგანაც გუბერნატორის გამოჩენას ამ ადგილებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ის ანუგეშებს პატიმრებს,რომლებიც ახლო მომავალში განთავისუფლებას მოელიან; თავზარს სცემს ყასბებს,რომლებიც მისი იქ ყოფნისას ვეღარ ბედავენ წონაში მოატყუონ ხალხი და იმავე მიზეზის გამო ნამდვილ ღვთის რისხვად ევლინება ყველა ჩარჩსა და ქორვაჭარს.თუ ხარბი ხარ,მუსუსი და ღორმუცელა,ეცადე ხალხის თვალს მოარიდო ეგ შენი ნაკლი,თორემ შენი ხელქვეითები და ქვეშევრდომები აგეშლებიან და მანამდის არ დაცხრებიან,სანამ,ბოლოს და ბოლოს,არ დაგამხობენ.ხშირ-ხშირად იკითხე,გულდასმით აწონ-დაწონე,კარგად გაიაზრე და დაიმახსოვრე ის რჩევა-დარიგებანი,კუნძულზე წასვლის წინ ეტრატზე რომ ჩამოგიწერე: თუ განუხრელად დაიცავ და აღასრულებ მათ,ნახავ,რა ფასდაუდებელ სამსახურსაც გაგიწევენ და როგორ გაგიადვილებენ იმ დაბრკოლების დაძლევას,ყოველი ფეხის ნაბიჯზე წინ რომ ეღობება ქვეყნის მმართველებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ყველაზე დიდი სიშლეგე,რაც კი ამ ქვეყნად შეიძლება ჩაიდინოს კაცმა,ის გახლავთ,რომ ადგეს და სრულიად უმიზეზოდ მოკვდეს,თუმცა არც არავინ ჰკლავს და არც რა უბნელებს მზეს,არამედ მხოლოდ უთქმელი სევდა და ნაღველი უღებს ბოლოს”.
* * *
“ამ ქვეყნად არა არის რა მარადიული,ყველაფერი დასაბამიდან დასასრულამდე ყოფიერების საბოლოო მიზნისაკენ მიექანება”.
* * *
” – ნება მიბოძეთ,ჩემს უწინდელ თავისუფლებასა და უზრუნველ ცხოვრებას დავუბრუნდე და აწინდელი სიკვდილისაგან აღვსდგე! გუბერნატორად ღმერთს არ ვუქნივარ და არც კუნძულთა თუ ქალაქთა დაცვის ნიჭი უბოძებია ჩემთვის.ჩემი საქმე ხვნა-თესვა,თოხნა,ვაზის სხვლა და მყნობა უფროა,ვიდრე კანონთა თხზვა,ქვეყნის მართვა თუ სამეფოს დაცვა.პეტრე მოციქული რომშია კარგად: იმას მოგახსენებთ,რომ ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს,რაც მისთვის განგებას მიუნდვია.მე ხელში ნამგალი უფრო შემფერის,ვიდრე გუბერნატორის კვერთხი, და მირჩევნია სალაფავით ამოვიყორო მუცელი,ვიდრე ურიცხვი და უტიფარი ექიმის სიწუწკისა თუ წუწურაქობის მსხვერპლი შევიქნე.გუბერნატორობის უღელქვეშ წმინდა ჰოლანდიური ტილოს ზეწრებზე ნებივრობასა და სიასამურის ქურქს ზაფხულობით მუხის ჩრდილში ჩემს ნებაზე კოტრიალი,ზამთრობით კი ორწლიანი ერკემლის ტყავში გამოხვევა მიჯობს.კარგად ბრძანდებოდეთ,მოწყალეო ხელმწიფენო, და გადაეცით ბატონ ჰერცოგს,რომ შიშველ-ტიტველი მოველ ამ ქვეყნად და შიშველი ვარ დღესაც.ვერც რა მოვიგე და არც არა წამიგია რა.გუბერნატორად რომ გამამწესეს,ჯიბეში ერთი მარავედისიც არ მეგდო და, სხვა კუნძულების გუბერნატორებისაგან განსხვავებით,ჯიბეგამოფხეკილი ვბრუნდები უკან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“სცდება,ვინც ფიქრობს,რომ ამ ქვეყნად ყველაფერი უძრავია და უცვლელი.პირიქით,ყველაფერი გამუდმებით მოძრაობს ან უფრო სწორად,წრიულად მიმოიქცევა.გაზაფხულს ზაფხული მოსდევს,ზაფხულს – შემოდგომა,შემოდგომას – ზამთარი,ზამთარს – გაზაფხული და ასე,დაუსრულებლად მბრუნავი ბორბალივით,წრიულად მიმოიქცევა დრო. და მხოლოდ კაცის სიცოცხლე ქარზე უსწრაფესად პირდაპირ მიისწრაფვის აღსასრულისკენ,რათა კვლავ აღდგეს და აღორძინდეს მხოლოდ საუკუნო სოფლად,სადაც ყველაფერი უსასრულოა და დაუსაბამო”, – ამბობს მაჰმადიანი ფილოსოფოსი სიდ ჰამეტი და ეს არც უნდა გვიკვირდეს,ვინაიდან მრავალმა ბრძენმა,რწმენის ჭეშმარიტ ნათელს მოკლებულმა,მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ნათლის წყალობით შეძლო ამაღლებულიყო როგორც ამ წუთისოფლის უხანობისა და მსწრაფლმავლობის,ისე ჩვენთვის ეგზომ სანუკვარი საუკუნო სიცოცხლის უცვლელობისა და უსასრულობის შეგნებამდე”.
* * *
“მდიდარმა რომ სისულელეც წამოროშოს,მაინც სიბრძნეში ჩამოართმევს ხალხი”.
* * *
“ბრიყვი თავის სახლში უფრო საზრიანია,ვიდრე ჭკვიანი – სხვისაში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“უმჯობესია ძველ სანჩოდ დავრჩე,ხმელი პური და ხახვი უფრო ტკბილად შემერგება,ვიდრე გუბერნატორს – მისი ყვერულები და კაკბები.ეგეც არ იყოს,როცა გძინავს,ყველა სწორნი ვართ: დიდიცა და პატარაც,მდიდარიცა და ღარიბიც”.
* * *
“უწინარეს ყოვლისა,ღვთის შიში გქონდეს,შვილო ჩემო,ვინაიდან ღვთისმოშიშება დასაბამს აძლევს სიბრძნეს,ხოლო ბრძენი შეცდომისაგან დაზღვეულია.მიიქეც შენივე თავის ჭვრეტად,ეცადე,ჩახვდე და შეიცნო,ვინ ხარ და რა ხარ,რადგანაც თვითშემეცნება ყოველგვარ შემეცნებაზე უძნელესია.თვითშემეცნება დასაბამს აძლევს თავმდაბლობას,ხოლო თუ თავმდაბალი ხარ,არასოდეს გაიფუყები იმ ბაყაყივით,ხარს რომ მოუნდომა გატოლება; გაიფუყები და, ფარშევანგისა არ იყოს,თავისი მახინჯი ფეხების დანახვისას მორცხვად რომ მალავს თავისსავე მომხიბლავ კუდს, – იძულებული იქნები,დარცხვენილმა დამალო შენი უგუნური პატივმოყვარეობა,როგორც კი გაგახსენდება,რომ ოდესღაც შენს სოფელში ღორებს მწყემსავდი”. – (ავტორი გენია.ჯი)