ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…
“მთელი ჩვენი ისტორია გაძლება იყო.შენც უნდა გაუძლო.გახსოვდეს: აყრას და გაქცევას საათები სჭირდება,დამკვიდრებას – საუკუნეები”. - (მთვარე დანგრეულ საყდარში) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ჩვენ მიგვაჩნია,რაღაც დიდ ამბად,თვარა რომ დააკვირდე,კაცი,რა არის სასირცხვილო.თუ დადგება მომენტი,კიდეც უნდა იცეკვო ადამიანმა და ყველაფერი.სირცხვილმა შემჭამა მთელი ცხოვრება.ბავშვი ვიყავი და რა დროს ჩემი ცეკვაა მეთქი,ჯეელი ვიყავი და კარგად რომ ვერ ვიცეკვო,ხომ წავხდი კაცი მეთქი.ახლა ხანში შევედი და რა დროს ჩემი ცეკვაა მეთქი.არ უნდა იყო ამნაირი გაუბედავი ადამიანისშვილი”. – (შერვუდმა ცეკვა არ იცის)
* * *
“რვაასი წლის ხე.საოცარი როგორ არ არის; აი,აქ,სადაც ახლა მე ვდგავარ,რვაასი წლის წინათ კაცი იდგა,რომელმაც იცოდა,რომ ქვეყნის მეფე იყო თამარი და რაც საქართველოს თავს ხდებოდა,მხოლოდ ღმერთისა და თამარის სურვილით.იგი გარეგნულად მე მგავდა.მისი სისხლი დამიდის ძარღვებში,მაგრამ რა ცოტა რამ ვიცი იმ კაცის შესახებ,ვინც ეს ცაცხვი დარგო და ეს საყდარი აღაშენა.ტყუილია,რა გულმოდგინედაც უნდა იჭაპანონ ისტორიკოსებმა და მწერლებმა,ისინი ვერასოდეს მეტყვიან ეჭვმიუტანელ სიმართლეს იმის შესახებ,თუ ვინ იყო,რას ფიქრობდა დაწყნარებულ გუნებაზე,რა იცოდა გარესამყაროს შესახებ,როგორ უყვარდა ან როგორ სძულდა კაცს,ვინც ამ ადგილას რვაასი წლის წინათ დადგა ბარ-ნიჩბით და საჭრეთელ-ტარაზოთი ხელში.ვინ ვარ მე,პირადად,რვაასი წლის შემდეგ მოსული ამ ცაცხვის ჩრდილქვეშ? რომ დამადგეს ახლა თავზე ის სულკურთხეული და საუბარი გამიბას,გავუგებთ ერთმანეთს? მექნება უფლება მასთან თვალგასწორებით ლაპარაკის? ორმოცს კარგა ხანია გადავაბიჯე და რა გამიკეთებია ამქვეყნად ამ ცაცხვებისა და საყდრის ტოლფასი? თითქოსდა სულ ვემზადები ნამდვილი საქმის,ნამდვილი ცხოვრების დასაწყებად.დავდივარ,ვუჭვრეტ,ვათვალიერებ და ამ თვალიერებაში გავიდა ჩემი წუთისოფელი.არა,არა,რვაასი წლის კაცო,ჩვენ სხვანი ვართ,სხვანი.ჯერ არა გვაქვს უფლება ჩვენი ხელი თამამად შევაგებოთ რვაასი წლის ქარტეხილებში გადებულ შენს მარჯვენას.ქარის მხრიდან ვუდგევართ,მაგრამ ლამის პეშვში ჩაგვაქვრეს შენს მიერ ამ საყდარში რვაასი წლის წინათ დანთებული,ჩაღვენთილ-ჩალეული სანთელი”. – (მთვარე დანგრეულ საყდარში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“პირველ ღამეს ვათევ ჩემ ცოლთან და ბედნიერებასთან ერთად,ცოტა არ იყოს,შიშიც გამიჯდა გვერდებში.რისი შიში? ვინმემ არ მომიკაკუნოს შუაღამეზე.არ მომეჭრას თავი.რა დაგიმალოთ და, უსტუმრობას არ ვუჩიოდი მაინცდამაინც.ხან ქმარსგაშორებული ნაზიკო შემოირბენდა,ბავშვს და დედამთილს რომ დაძინებულს დაიგულებდა,ხან,ეს უფრო მიწყალებდა გულს,ძმაკაცთაგანი დამეღრიჯებოდა: გოგო მყავს მოყვანილი და ჩამოგვაჯინე ხუთ წუთს შენ ლოგინზეო.რამდენჯერ “მისეირნია” შუაღამისას აკანკალებულს ეზოში და შორიდან მითვალიერებია ჩემი ოთახის ჩამქრალი ფანჯრები.არა და, ისე ჯიუტია ზოგიერთი,შენც რომ სტუმრად ქალი გყავდეს,არ შეეპუება,გააცილე ჩქარა და შემომიშვი,კაცი არა ხარო? არ შემოუშვებ და ცუდი კაცი ხარ,შემოუშვებ და ერთსაათიანი იძულებითი ბოლთის ცემით გამწარებული,სწყევლი მარტოხელა კაცის გაჩენას”. – (ცოლი)
* * *
“არა,ბატონო,პატარა და დიდი სამშობლო არ არსებობს”. – (რადიომონოლოგი)
* * *
“სხვის ენაზე რომ აჭიკჭიკდები,ცოტა აქცენტი მაინც უნდა გქონდეს.უშეცდომოდ თუ იცი სხვისი ენა,შენ გგონია დიდი ღირსებაა? მე თუ მკითხავ,სირცხვილია.ეს იმას ნიშნავს,რომ შენი მშობლიური ენა არ იცი კარგად.შენი დათმე,შენსას ზურგი აქციე,რა მოხდა,იოლას გადიხარ სხვისი ენით და, გგონია,ქვეყანა არ დაქცეულა.”აზვიადებენ პატრიოტულად ტვინმოწყობილი მოქალაქენიო,სულერთი არ არის,კაცმა რომ თქვას,ბაზარში ტყემალს რა ენაზე ვიყიდი და გაზეთს რა ენაზე წავიკითხავო?” ასე ფიქრობს ენაგამოცვლილი კაცი.არ და არა,მოწყალეო ხელმწიფევ.სწორედ რომ მეორედ მოსვლა და ცის ჩამოქცევაა შენი მშობლიური ენა რომ დაგავიწყდება კაცს.ეს იმას ნიშნავს,რომ შენი ერი დასაღუპავ-დასაკარგავად გაიმეტე.გასწირე უღვთოთ და უსაბუთოდ.როცა შენი მშობლიური ენა გეპატარავება და სხვისას უერთგულებ,ეს იმას ნიშნავს,რომ შენსავე მამა-პაპას შეაქციე ზურგი.მეტსაც გეტყვი,დამნაშავე ხარ ყველა გმირის წინაშე თავისი ერის თავისუფლებისთვის რომ უბრძოლია.დამნაშავე ხარ მწერლისა და ეროვნული მოღვაწის წინაშე,შენს ერს რომ წარმოუშვია დასაბამიდან აქამომდე”. – (რადიომონოლოგი)
* * *
“ერის მომავლისთვის ბრძოლაში დევნა-შევიწროვების,დასმენა-ცილისწამებით სავსე დღეები უფრო მეტ სულიერ კმაყოფილებას ანიჭებს კაცს,ვიდრე დანგრევის პირას მისული იმპერიის სასთუმალთან ჯდომა,თუნდაც ოქროს პალატაში”. – (საუბარი ჭადრების ჩრდილში)