ამონარიდები გრიგოლ აბაშიძის დიდებული რომანიდან – “ყორნალი”

“მას შემდეგ,რაც ევამ ადამი აცდუნა,კაცობრიობის მთელი ცხოვრება სავსე იყო თავგანწირვისა და ღალატის,კეთილშობილი გმირობისა და საშინელი ბოროტმოქმედების აურაცხელი მაგალითით და ყოველივე ამის შთამაგონებელი თუ წამქეზებელი,მრავალ შემთხვევაში,იყო ქალი,ჭკუის წამრთმევი მისი სილამაზე და გადაულახველი,ყოვლის მძლეველი ცდუნება.

მშვენიერი ელენესა და დალილას ლანდი განუყრელად სდევდა ადამის მოდგმას,ომისა და შფოთისაკენ უბიძგებდა სიყვარულით დაბრმავებულ პარისებსა და ღონეს ართმევდა უძლეველ სამსონებს.

და ყველა ეს ევა,ელენე თუ დალილა სწორედ რომ ქვეყნის დამქცევნი იყვნენ,მაგრამ უცოდველად მზირალნი,ერთი გაღიმების ფასად სისხლის ღვარებს აყენებინებდნენ თავიანთ მიჯნურებს და თვალზე მომდგარი ცრემლის ერთი წვეთით ხმალს ქარქაშში აგებინებდნენ გამძვინვარებულ შურისმგებლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ადამიანებს სხვადასხვაგვარი გარემოება და სულიერი მდგომარეობა უბიძგებს ხოლმე თვითმკვლელობისაკენ.მაგრამ არის თუ არა დანაშაული თვითმკვლელობა საზოგადოებისა და ადამიანების წინაშე? თუ ადამიანის თვითმკვლელობას საზოგადოების,ან ცალკე პიროვნებისათვის ვნება და ზიანი არ მოაქვს,ყოველ კაცს აქვს უფლება თავის თავს განაჩენი გამოუტანოს,მაგრამ საბოლოოდ ეს მაინც ბრძოლის ველიდან გაქცევაა და დეზერტირობას უდრის.დეზერტირობა კი დასაგმობია და მიუტევებელი!

გონებაში ისტორიულ პიროვნებათა მთელმა წყებამ გაიარა: ისინი ვაჟკაცურად ადიოდნენ თავიანთი ხელითვე მოწყობილ სახრჩობელებზე,თვითონვე იჭრიდნენ ვენებსა და თბილ აბაზანებში ჩაწოლილნი მშვიდად უბარებდნენ უკანასკნელ რჩევა-დარიგებას,ანდერძს და სათხოვარს საშინელი სანახაობით შეძრწუნებულ ოჯახის მრავალრიცხოვან წევრებს.

ერთნი ამას სამშობლოსა და ქვეყნის კეთილდღეობისათვის სჩადიოდნენ,მეორენი – ჩირქის,სირცხვილის ჩამოსარეცხად ან ცოდვის გამოსასყიდად,ხოლო ზოგიერთნიც,ცხოვრება მოყირჭებულნი,ძველი რომაელი მწერლის თქმისა არ იყოს,სარგებლობდნენ იმ ერთადერთი უპირატესობით,რომელიც ადამიანებს გააჩნიათ ღმერთებთან შედარებით: ეს უპირატესობა თავის მოკვლის უფლებაა.ღმერთები უკვდავნი არიან და ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას,სასოწარკვეთისა თუ სიცოცხლის მოყირჭების ჟამს თავი მოიკლან და მარადიულ ცხოვრებას დაეხსნან”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ყველა თუ არა,ადამიანთა უმრავლესობას მაინც აქვს თავისი სულის ცხრაკლიტური.იმ ცხრაკლიტურში ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვა-დანაშაულია დამარხული და მას მარტო დავიწყების ან მეხსიერების შესუსტების ფერფლი კი არ ფარავს,არამედ პირობის დაუთქმელად ადევს ხელშეუხებლობის ტაბუ.ადამიანს არ უნდა იმ ცხრაკლიტურის გახსნა,რადგან ზედაპირზე,სამზეოზე გამოტანილი საიდუმლოს უკანვე გადამალვა და სხვათა თვალისთვის მიუწვდომელ სამალავში გამომწყვდევა შეუძლებელია; იგი აღარც ცოდვის ჩამდენის აფორიაქებულ სულს აღირსებს დამშვიდებას და არც საზოგადოება მისცემს დავიწყებას,ვიდრე ცოდვის მადლით არ გამოისყიდის ბოროტების ჩამდენი და დანაშაულს სასჯელი არ მოჰყვება.

ამიტომ ერიდება და უფრთხის ყველა ადამიანი თავისი სულის იმ დაფარულ ნაწილს,ცდილობს ახლო არ გაეკაროს მას და კაცთაგანს არავის გააგებინოს ის,რისი გახსენებაც საკუთარი თავისთვისაც აკრძალული აქვს.

მაგრამ საკმარისია ადამიანი რაიმე გამოცდის წინაშე დადგეს და ძლიერი სულიერი რყევა განიცადოს,რომ იგი კვლავ თავისი წარსულის პირისპირ აღმოჩნდეს და იქ დაიწყოს კატასტროფის მიზეზის ძებნა”.

* * *

” – გახსოვდეს: რწმენის დაკარგვა ყველა სიმდიდრის დაკარგვაზე საშინელებაა,ხოლო მიზნის უქონლობა ქვეყნად ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება!”

* * *

” – ეშმაკი ფრთხილია და უმანკო ადამიანს ადვილად ვერ აჰკიდებს ცოდვას.კეთილი საქმის ბოროტად შეტრიალება ეშმაკს მხოლოდ იქ შეუძლია,სადაც სიკეთეს ღვთის მადლი არ ახლავს.ზოგი ადამიანი ისე იბადება,ის მადლი თან არ მოჰყვება.ასეთი ადამიანის გზა ძნელია და ეკლით მოფენილი.კაცს სიკეთის დათესვა უნდა და ბოროტს სთესავს; კარგი უნდა გააკეთოს და ავი გამოუდის; წაღმა უნდა წავიდეს და უკუღმა მიდის.ცოდვაა ასეთი ადამიანი.ერთ ხანს ებრძვის მწარე ბედს,მაგრამ ლოცვითა და მონანიებით თუ ვერ დასძლია,მაშინ ახალ-ახალ დანაშაულის ჩადენით ცდილობს მიუზღოს სამაგიერო იმ ღმერთს,რომელმაც მის გაჩენას მადლი არ გამოაყოლა და თავიდანვე ეშმაკს დაუთმო ბოროტების იარაღად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ვაი მათ,ვისაც ღმერთი არ ახსოვთ! ღვთის რწმენისაგან გამდგარ ადამიანს სააქაოც გამწარებული აქვს და საიქიოც; ვერც ამ ქვეყნად გაიხარებს და ვერც იმქვეყნის იმედი ექნება.თუ ცოდვათა შემსუბუქება,მართალი გზით სიარული და მოსვენებული ცხოვრება გინდა,უფალს მიენდე და მის რწმენას დაემყარე.

გახსოვდეს ჩვენი უფლის,იესო ქრისტეს ნათქვამი:

“ნეტარ არიან მორწმუნენი!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“თვითმკვლელობას ბევრი გმირობად თვლის,ბევრი – ლაჩრობად და ბევრიც – უაზრობად.

სამივე შეფასებიდან თითოეულს თავისი კერძო საფუძველი აქვს და მხოლოდ ცალკე შემთხვევის დასახასიათებლად თუ გამოდგება.

როცა მტრის ხელთ ჩავარდნილი ვაჟკაცი ღალატის ფასად შემოთავაზებულ ყოველგვარ პატიებასა და ჯილდოს ზურგს აქცევს და თავს იკლავს მხოლოდ იმისთვის,რომ სამშობლოს საზიანოდ საიდუმლო არ გასცეს,ასეთი თვითმკვლელობა უთუოდ კეთილშობილებაა და ჭეშმარიტ გმირობად უნდა მივიჩნიოთ.

მაგრამ,როცა კაცი პირადი განაწყენების ან შეურაცხყოფილი პატივმოყვარეობის ნიადაგზე იკლავს თავს,ეს ნამდვილად უნებისყოფობა და სულმდაბლობაა.

მაგრამ არის თვითმკვლელობის ისეთი შემთხვევაც,რომელიც ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი რჩება თავისი გარეგნული ულოგიკობის გამო.

რაკი ამგვარი თვითმკვლელობის მიზეზებში გარკვევა გარეშე ადამიანებისათვის შეუძლებელი ხდება,მათ მეტი აღარაფერი დარჩენიათ,ასეთ თვითმკვლელობას უაზრობად აცხადებენ და ამაო კვლევა-ძიებას ხელჩაქნეული ეხსნებიან.

მართლაც და, რა უნდა ეწოდოს,თუ არა უაზრობა,ისეთი კაცის თვითმკვლელობას,რომელსაც ამქვეყნად არაფერი აკლია,არც ჯან-ღონე,არც კარგი გული და არც სიცოცხლის სიხარული.

ასეთი კაცი თითქოს ცხოვრების ყველაზე მაღალ მიზნებთან ახლო არის,არათუ თავისი საზრუნავი აწუხებს,არამედ სხვების დარდსა  და საზრუნავსაც ხალისიანი მრავალსიტყვაობითა და უდარდელი ხუმრობით ამსუბუქებს და ანელებს.

და უცებ,ამგვარი კაცი გულზე რევოლვერს იდებს,სასხლეტს ხელს აჭერს და სიცოცხლეს ისპობს.

მაგრამ იმას კი იშვიათად უფიქრდებიან,თუ რა ეული,სულიერად უთვისტომო და მარტოხელა ყოფილა ეს “გულითადი მეგობრებითა და ძმაკაცებით” გარშემორტყმული კაცი,როგორ ღრმად და დიდხანს უტარებია გულში რაღაც საშინელი საიდუმლო,რომელიც ვერც სიცოცხლეში გაუნდვია ვინმესთვის და ვერც სიკვდილის წინ უცვნია ვინმე იმის ღირსად,რომ მისთვის აღსარება დაეტოვებინა”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>