ამონარიდები ედიშერ ყიფიანის რომანიდან – „ცაში ასროლილი ქუდები”
„შეცდომები დაუშვიო”, – რომ არ ვცდებოდე, აღარც ვიარსებებდი. ღმერთი იმიტომ აღარ არსებობს, რომ არაფერში არ ცდებოდა, ადამიანებს იმიტომ შეეპარათ ეჭვი მის არსებობაში. შეცდომების ჩამდენ ღმერთს, ყოვლისშემძლეს, მაგრამ ადამიანურს, ალბათ, დღესაც იწამებდა ყველა ჩვენგანი. „შეცდომები დაუშვიო”, ვითომ დაბადებულიყოს ვინმე და უშეცდომოდ ეცხოვროს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვიზუთხავ ომის თარიღებს და უეცრად მომეჩვენება ხოლმე, რომ მთელი სამყარო, მთელი ცხოვრება მხოლოდ ომებისა და სისხლის ტბორებისგანაა შემდგარი, მხოლოდ ადამიანთა დათრგუნვასა და სიკვდილზე ფიქრობს მთელი კაცობრიობა და მათ შორის – მეც. და გავრბივარ ბიბლიოთაკაში, გამომაქვს კრებული „ანტიკური ხანის პოეტები ხელოვნების შესახებ” და ვკითხულობ, რომ ანაკრეონტ უმცროსს ასე შეუქია სახელგანთქმული მოქანდაკის, მირონის „ხბო”:
„შორს აძოვე შენი ნახირი, მწყემსო, რომ მირონის „ხბო” შენს ძროხებთან ერთად არ წადენო შინისკენ”.
და ვმშვიდდები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გამაგიჟებს ეს ხალხი! ყველა ცოდვას ცხოვრებას რომ აბრალებენ, დაძაბულ დროსა და საუკუნეს, ვითომ ცხოვრება სხვა იყოს, ადამიანები – სხვა”.
* * *
„ – თუ ცოტაა ბოროტება, სამაგიეროდ ძლიერია, თუ სუსტია სიკეთე, სამაგიეროდ მრავალია. მათ შორის წონასწორობა არასოდეს არ მყარდება – ხან ერთი ძლევს, ხან მეორე. ასე მეჩვენება, რომ ბოროტება თანდაყოლილი თვისებაა ადამიანის, სიკეთე – შეძენილი.
- სიცრუეა! პირიქით, სწორედ სიკეთეა თანდაყოლილი და ბოროტება – შეძენილი, მაშინ სიკეთე არ იქნებოდა მრავალი და ბოროტება – მცირე, როგორც შენ თქვი”.
* * *
„თუ სიმართლეზე თვალებს ხუჭავ, მაშინ არა მარტო შენს საკუთარ დანაშაულში, ყველა დანაშაულში მიგიძღვის ბრალი”.
* * *
„ – და კიდევ რა აღმოვაჩინე იცი? თუ არავის არაფერს უშავებ და მხოლოდ შენი თავისთვის მოგაქვს ზიანი, ისე უკუღმართად ცხოვრობ, რომ სიცოცხლის დღეებს იმოკლებ და სულსაც იხრწნი, მაინც დამნაშავე ხარ”.
* * *
„მგონი, ეს არ არის ცუდად მოფიქრებული ღმერთის მიერ, ა? თუ ყველას ასე შეეშინდება ბოროტების, – მე არაფერი მომწიოსო, მაშინ ყველა შეებრძოლება მას. მაგრამ ყველას რომ არ ეშინია? ყველა რომ არ ებრძვის? რატომ ხდება ასე?”
* * *
„ტკივილი განიშნებს, ბიძია, რომ ნატკენს მოუარო, მიხედო”.
* * *
„პარადოქსია, საკუთარ თავზე ზრუნვას საკუთარი თავის მოსპობით რომ გამოხატავენ”.
* * *
„რატომ არ არსებობს ქვეყნად უმიზეზო ტირილი? უმიზეზო ღიმილი კი არის! ღიმილი და სიხარული, სპორტსემენების ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანის საწყისი პოზიციაა. მერე ცხოვრება ამ მოკრივეს ხშირად ამოჰკრავს მტკივნეულ მუშტებს, წონასწორობას შეურყევს, დასცემს კიდევაც ძირს, აკვნესებს და ატირებს, მაგრამ სიხარულის უხილავი ვესტიბულარული აპარატი კვლავ ღიმილისკენ გააწონასწორებს, ბედნიერებისაკენ აათავთავებს და ამოზიდავს”. – (ავტორი გენია.ჯი)