ამონარიდი რევაზ მიშველაძის მოთხრობიდან – „კაქტუსი”
„უწინ, კაცმა თავი მოიკლაო, რომ გავიგონებდი, მიზეზის გაგებაც არ მსურდა. რამ უნდა მიგიყვანოს კაცი ამ ნაბიჯამდეთქვა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. არის თურმე ცხოვრებაში წუთები, როცა ერთადერთი გამოსავალი თვითმკვლელობაა. თავს არავის ვაცოდებ, ბატონო. მე რაც მჭირს, ალბათ, ჩემი ბრალია, მაგრამ რომ ჩავუკვირდები, არც მთლად ჩემი ბრალი ჩანს. მე, ჩემის მხრივ, ცდა და გარჯა არ დამიკლია, მარა ვერ ავაწყვე ცხოვრება. ხომ არის ხანდახან – არ გამოვა, არ აეწყობა. გინდა მჯიღით მიაწექი და გინდა რქებით. დედა-მამა არ მახსოვს. საწყლები ერთად წასულან ამ ქვეყნიდან. მამაჩემი მონტიორი ყოფილა და თავის სახლში, სამზადში დენი რომ გაყავდა, დაურტყამს და ჩაუხვევია, დედაჩემს უფიქრია მივეშველებიო და შიშველი ხელით სცემია მავთულს. ერთად გაუსვენებიათ ორივე. სამი წლისა დავრჩი ობლად. ჩემმა აპეკუნმა – დეიდის ქმარმა, თხუთმეტ წლამდე შემინახა, მერე სახლი გამიყიდა, შენს გაზრდაში ამდენი დამეხარჯაო, იანგარიშა, ნახევარზე მეტი თვითონ ჩაიჯიბა და იმ ერთოთახიან ბინაში, სადაც თქვენ ბრძანდებოდით, თაგვი რომ კუდს ვერ მოიქნევს, ჩამტოვა. დავამთავრე ავტოტექნუკუმი დაუსწრებლად. თან ფაიფურის ქარხანაში მეყალიბედ გამანაწილეს დანადგარების ტექნიკურ ზედამხედველად. ათი წელი იქ მოვატავე. ხელფასზე ვიჯექი რასაკვირველია. უშნო ტავმოყვარე რომ იქნება კაცი, საამქროს გამგემ (იმ დღეს გლახა გუნებაზე იყო) შე ბოთევო, დამიაძახა, რაღაც არ მოეწონა, ერთი დაზგა არ მუშაობდა, ჩემით ვახლაფორთებდი, ჩამოსაწერი დაზგა იყო. უნდა მომეთმინა, რასაკვირველია, მარა ნერვებმა მიმტყუნა და რადიო ვესროლე თავში, პატარა ექვსმანეთიანი რადიო რომაა. მეორე დღესვე მომხსნეს სამსახურიდან. წამოვედი და დავიწყე ახალი სამუშაოს ძებნა. მოხსნილს, ხომ იცით, ყველგან სხვანაირად უყურებენ. ბოლოს შევეცოდე ღვთიან-მადლიან კაცს – გამტარების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორს და ლაბორანტად დამნიშნა. ექვსი წელი იქ ვიმუშავე და ახლაც იქ ვიქნებოდი. არ ვიყავი სამსახურის უკმაყოფილო. ლაბორანტობა წყნარი საქმეა. ახლაც იქ ვიქნებოდი-მეთქი, მაგრამ შტატების შემცირებაში მომაყოლეს, ახლა აგერ მეორე თვეა. სამი ლაბორანტი შეგვამცირეს, გვპირდებიან რაღაცას, მარა როდის იქნება. სანამ რამეს გამოგვიძებნიდნენ, ჭამა გვინდა, თუ არა, არავის აწუხებს. არ მესმის, რანაირად შეიძლება, დილით, სამსახურში მოსულ ადამიანს – შეგამცირეთო, გამოუცხადო. რა ქნას, სად წავიდეს, არ უნდა უთხრა? უდანაშაულოდ კაცის ქუჩაში გასვება შეიძლება? არ ვიყავი ცუდი ლაბორანტი, ორჯერ მადლობაც მქონდა მიღებული, მარა დირექტორსაც ვერ გავამტყუნებ. შეამცირე ლაბორანტებიო, უთხრეს და რა ექნა იმასაც.
უფხო და უგერგილო დამბადა გამჩენმა და სამსახურის საქმე ხომ ასე წავიდა, ოჯახიც ვერ ავაწყვე. გოგო მიყვარდა სკოლიდან და ცხვირწინ გამითხოვდა. ნათქვამი გვქონდა პირობა ერთმანეთისთვის, სახლშიც დავდიოდი, მისმა მშობლებმაც იცოდნენ. მე ტექნიკუმის მესამე კურსზე ვიყავი, თვითონ ლითოფონის ქარხანაში მუშაობდა. გათხოვდა უცებ. რას გაუგებ ქალს, რა ბზიკმა უკბინა, რა ვიცი. რაკი ასე დავმარცხდი სიყვარულში, სიმართლე გითხრათ, დაოჯახებას არ ვაპირებდი. ოთხ წელიწადში ჩემს ყოფილ შეყვარებულს ქმარი მოუკვდა, ავარიაში მოყვა საცოდავი. ერთი წელი იგლოვა და მერე ქე გამომყვა ცოლად. ბავშვი არც ჩემს ხელში შეძენია. შარშან ლითოფონს თავი დაანება და ქვიტირის გზაზე ღამის სკოლაში ხატვის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თურმე გაყიდული ვყავარ თხასავით. სანამ მე ეჭვს ყურს მივუგდებდი და მითქმა-მოთქმას დავიჯერებდი, ადგა ეს ჩემი ცოლი, გეიქცა სახლიდან და ღამის სკოლის ქიმიის მასწავლებელს გაყვა… ცოლ-შვილი დაატოვებია იმ კაცს. ქალია ახლა მაგი? სამი კვირის ამბავია ეს ამბავი. ჯერ განქორწინებაც არ გაგვიკეთებია.
დავრჩი ასე, ქაჯანა ბატონო, უცოლოდ და უსამსახუროდ, უსაშველო და არავის რომ არ დამართნია ისეთი არაფერი მჭირს, მარა ჩემს, ისედაც დაწყვეტილ ნერვებს დააწვა ეს ყველაფერი და გავნახევრდი კაცი. იმ დღეს იატაკს ვრეცხავდი, ვალაგებდი ვითომ, სახლს, ჩემი ჭკუით. კაქტუსს, გოდოუშენდა მაგას მომგონი, წყალს დავუსხამთქვა, გადაკოჩა ფიცარმა და ქე გადმოგორდა ის ქოთანი, ის უპატრონო, რაღა ჩემდა იღბლად, შენ გამეიარე მაინცდამაინც იმ წუთში. ა, ეს იყო სულ. რატომ მოვედი შენთან? გულგრილ და ფეხებზემკიდია კაცად არ ჩამთვალო, სხვა არაფერი”.
P.S. ბრალდებულ ბაკურაძეს სასამართლომ ჯარიმის სახით 50 მანეთის გადახდა დააკისრა, რაც სულგრძელად იქნა გადახდილი მისივე გულმოწყალე და ღვთისნიერი დაზარალებულის – ქაჯანა აფაქიძის მიერ. ფულთან ერთად აფაქიძემ იმ გაუბედურებული კაცის კარის ღრიჭოში წერილიც დატოვა: „ბადრი ციკოლიას (საქმის პროკურორს) ბევრი ვეხვეწე, მაგრამ მთლად პატიება არ შეიძლებაო. მე მგონი, მართლა არ შეიძლება. ხვალ დილით მიხვალ მილიციაში და თავისუფალი ხარ. ეს საქმე ამით დავამთავროთ. საერთოდ გულს ნუ გაიტეხ. ჩემთან ხშირად გამოიარე, ვილაპარაკოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)